ახალი ამბები

დროა, პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა აიღოს და გვარამია შეიწყალოს — დეკანოიძე

2 ნოემბერი, 2022 • 543
დროა, პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა აიღოს და გვარამია შეიწყალოს — დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ახლა დროა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს და ნიკა გვარამია შეიწყალოს.

ამის შესახებ დეკანოიძემ დღეს, 2 ნოემბერს, მას შემდეგ განაცხადა, რაც სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

დეკანოიძის თქმით, ნიკა გვარამიას თავისუფლება ძალიან მნივნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად.

„ვინაიდან ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ წერია ნიკას თავისუფლება და პირდაპირ წერია 12 პუნქტში, რომ მედიათავისუფლებისთვის არის ნიკას თავისუფლება უმნიშვნელოვანესი.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ნიკა დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, მინდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროინტეგრაციაზე და  მიმართვის შემთხვევაში, ამას ჩვენ მოვიფიქრებთ, რადგან ეს არის პარტნიორებთან სერიოზულად განსახილველი საკითხი, ნიკა გვარმია გაათავისუფლოს. იმიტომ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ მის პოლიტიკურ შეხედულებებს. ეს ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, თორემ ნიკა გვარამია თავისუფალია და აჩვენა ყველაზე გამორჩეული მხნეობის მაგალითი“, – განაცხადა დეკანოიძემ.


თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდნენ მოსამართლეები – მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.

გადაწყვეტილება 2 ნოემბერს, 11:10 საათისთვის გამოაცხადა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ.

გვარამიასა და მასთან ერთად მსჯავრდებული კახა დამენიას საჩივრები მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, ბრალის დამძიმება კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, ზვიად იაშვილი, გამართლდა.

სააპელაციო სასამართლომ გვარამია პატიმრობაში დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი