ახალი ამბები

საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში ჟურნალისტებისთვის რეგულაციები დაწესდება

28 ოქტომბერი, 2022 • 952
საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში ჟურნალისტებისთვის რეგულაციები დაწესდება

საქართველოს მართლმადიდებელი  ეკლესიის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ეკლესიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ჟურნალისტებს შეზღუდვები დაუწესდებათ. დიდ დღესასწაულებზე ჟურნალისტებს აკრედიტაციები დასჭირდებათ. ამის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯაღმაიძის თქმით, სასულიერო პირებს ქართული მედიასაშუალებებისგან და ჟურნალისტებისგან განსაკუთრებით დიდი წინააღმდეგობები ხვდებათ. მისი განცხადებით, მათ შორის ხშირია, როდესაც ჟურნალისტები სასულიერო პირებს მსახურების წინ სთხოვენ ინტერვიუს, რაც მათ დისკომფორტს უქმნის:

“ბოლო დროს ჟურნალისტების მხრიდან ხშირად ხდება სასულიერო პირებისთვის მიმართვა მსახურების წინ, სასულიერო პირის უარი კი ჟურნალისტის გაღიზიანების საფუძველი ხდება, თავის მხრივ, სასულიერო პირისთვის არსებითი მნიშვნელობისაა ტაძარში წირვაზე შევიდეს აუღელვებლად, საზეიმო მსახურებისთვის შეუფერებელი, დაძალებული, ჩქარი ნაბიჯით შესრულებული პრესკონფერენციის რიტუალის გარეშე”, – განაცხადა მან.

ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქო კანონის შესაბამისად მოქმედებს და წინასწარ აცნობებს საზოგადოებას და მედიას ცალკეული რეგულაციების შესახებ. ამასთან, ჯაღმაიძის განცხადებით, გარკვეულ შემთხვევებში საპატრიარქო “დაიტოვებს უფლებას, გააკონტროლოს” დასწრების საკითხი:

“საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს.

როგორც მოგეხსენებათ, საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი, მით უმეტეს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას. ამდენად, საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას, ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე.

თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღმრთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად. გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანაწესის დაცვით აუცილებელია ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რიგ შემთხვევებში საპატრიარქო დაიტოვებს უფლება,ს გააკონტროლოს დასწრების საკითხი”, – განმარტა ჯაღმაიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი