ახალი ამბებისამართალი

რას ედავება პროკურატურა ზვიად კუპრავას

28 ოქტომბერი, 2022 • 3157
რას ედავება პროკურატურა ზვიად კუპრავას

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზვიად კუპრავა მისთვის ბრალის წაყენების უკან პოლიტიკურ მოტივს ხედავს. კუპრავას თქმით, დაზარალებული, რომელზე ძალადობასაც კუპრავას პროკურატურა ედავება, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირია და საქმეში არსებული მოწმეებიც ამავე წრიდან არიან:

„კახაბერ ხაჩიძის განცხადების საფუძველზე აღიძრა ჩემ წინააღმდეგ საქმე. ოქროს მოწმე სოფიო ჭაბუკიანი ე.წ. დაზარალებულის მეუღლეა, რომელიც აქტიურად არის ქართული ოცნების ფერხულში ბიძინა ივანიშვილის ფოტოში. მოწმეები ავთანდილ ცინცაძის სამეგობრო არიან. ეს საქმე პოლიტიკურია და არავითარი საერთო არ აქვს სამართალთან.

ბრალის წაყენება განაპირობა ბოლო პერიოდში კახა კალაძის მიერ გაფუჭებული საქმეების ჩვენ მიერ აქტიურმა მხილებამ. ამასთან, როგორც ჩანს, ირაკლი შოთაძე 2018 წლის შემდეგ ვერ განედევნა ანტაგონიზმს ჩემ მიმართ და მას აქვს ეს სუბიექტური დამოკიდებულება, რომელიც, საბოლოო ჯამში, აისახა იმ ბრალდებაში, რომელიც წამიყენა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ“, – აცხადებს ზვიად კუპრავა.

მისი თქმით, საქმეში დევს კახაბერ ხაჩიძის ჩვენებაც, რომელიც აცხადებს, რომ კუპრავამ მას ხელი ჰკრა, რის გამოც სუნთქვა შეეკრა და ძლიერი ტკივილი განიცადა.

კუპრავა ხაჩიძის ჩვენებიდან ამონარიდსაც ავრცელებს:

„მე და ზვიად კუპრავა შევლაპარაკდით და შევძიძგილავდით, მე მისთვის ხელი არ დამირტყამს და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმიყენებია, მე უბრალოდ მოვუწოდებდი მას, რომ მოქცეულიყო კორექტულად. შეძიძგილავების დროს მან მე ძლიერად მიბიძგა ორივე ხელი გულ-მკერდის არეში, რის გამოც მე ვიგრძენი ძლიერი ტკივილი და სუნთქვა შემეკრა. დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე ზვიად კუპრავას მიერ ჩემთვის ნათქვამი სიტყვები ,,მოიცადე, შენი დროც მოვა, შენც მოგხედავთო” აღვიქვი რეალურად და შემეშინდა”, – წერია ჩვენებაში, რომელსაც ზვიად კუპრავა ავრცელებს.

ამასთან, ზვიად კუპრავა აღნიშნავს, რომ საქმეში დევს ინციდენტიდან 5 საათის შემდეგ, 13:36 საათზე გაფორმებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოქმი, სადაც კახა ხაჩიძე აფიქსირებს რომ  დარტყმის შემდეგ აქვს სუნთქვითი უკმარისობა.

სასამართლო ზვიად კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს. მას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს, რასაც წინ უძღოდა პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნების მიმდინარეობისას, თბილისში, მირიან მეფის ქ.№16ა-ში განთავსებულ №90 კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ზ.კ.-მ და კ.ხ-მ ერთმანეთის მიმართ ძალადობა განახორციელეს.

„კ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში სხვაგვარი ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზ.კ.-ს მიმართ გამოტანილია დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარედგინება“, — ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი