ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ერევნისგან ვითხოვთ ახსნას, რატომ აუკრძალეს სიმონიანს და ზატულინს სომხეთში შესვლა”

28 ოქტომბერი, 2022 • 1737
“ერევნისგან ვითხოვთ ახსნას, რატომ აუკრძალეს სიმონიანს და ზატულინს სომხეთში შესვლა”

რუსეთმა დიპლომატიური არხებით სომხეთს მიმართა განმარტებისთვის, თუ რატომ შეეზღუდათ სომხეთში შესვლა დუმის დეპუტატს, კონსტანტინ ზატულინსა და ტელეკომპანია Russia Today-ს ხელმძღვანელს, მარგარიტა სიმონიანს.

“ინფორმაციის ოფიციალური დადასტურებისა და ახსნა-განმარტებისთვის დიპლომატიური არხებით დაუყოვნებლივ მივმართეთ სომხურ მხარეს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ 27 ოქტომბრის ბრიფინგზე.

შემდგომ ნაბიჯებს, როგორც ზახაროვა ამბობს, ერევნის ოფიციალური პასუხის შემდეგ გადადგამს მოსკოვი.

ის, რომ სომხეთის ხელისუფლებამ RT-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს და რუსეთის პარლამენტის დეპუტატს, კონსტანტინ ზატულნს სომხეთში შესვლა აუკრძალა, სიმონიანმა თავის ტელეგრამ არხზე დაწერა.

იქამდე ზატულინმა თავად დაწერა, რომ მიიღო წერილი, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ სომხეთში “არასასურველი” სტუმარია, ვინაიდან მისი ბოლოდროინდელი განცხადებები სომხეთის მისამართით აზიანებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და სამოკავშირეო ურთიერთობებს.

2020 წლის ყარაბაღის ომში დამარცხებაში ზატულინი სომხეთის ხელისუფლებას ადანაშაულებდა. მარგარიტა სიმონიანმა კი იქამდე რუსეთში მცხოვრები სომხების სახელით ფაშინიანი არაოფიციალურ ანტირუსულ პოზიციებში დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი