ახალი ამბები

„ოცნება“ ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენებზე საერთო სტრატეგიით მოქმედებს – ლომჯარია

27 ოქტომბერი, 2022 • 605
„ოცნება“ ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენებზე საერთო სტრატეგიით მოქმედებს – ლომჯარია

მოქმედი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენებისას „ქართული ოცნების“ დეპუტატები ერთიანი სტრატეგიით მოქმედებენ და ამ პროცესში „საშიში“ ტენდენცია შეამჩნია.

„არ ვიცი, ეს იყო წინასწარ დაწერილი კითხვები თუ არა, მაგრამ ის გამოჩნდა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები აშკარად ერთიანი, ერთგვაროვანი სტრატეგიით მოქმედებენ“, – განაცხადა ლომჯარიამ 27 ოქტომბერს „ფორმულაზე“ ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში სტუმრობისას.

„არ ვიცი, ეს მათ თავად გააკეთეს თუ დაიხმარეს ვინმე, ამას ძალიან დიდი დრო და რესურსი სჭირდება. ისინი გაეცნენ ბოლო 10 წლის განმავლობაში, – და შესაძლოა უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც, – ყველა კანდიდატის მიერ საჯაროდ ფეისბუკზე გაკეთებულ განცხადებებს. ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვს, რომ შეისწავლო… უნდა წაიკითხო ყველაფერი, რომ ნახო, რასაც ეძებ“, – თქვა ლომჯარიამ.

„ჩემთვის ეს იყო არა მარტო გზავნილი და დემონსტრირება იმისა, თუ რას ელიან ისინი კანდიდატებისგან, არამედ გზავნილი ყველა მოქალაქის მიმართ, – რომელიც განიხილავს საკუთარ თავს სამომავლოდ რომელიმე თანამდებობაზე ხელისუფლებაში, სასამართლო სისტემაში თუ სხვაგან, – „შენ თუ გაქვს გადაწყვეტილი, კარიერა გაიკეთო სახელმწიფო სამსახურში, არ უნდა დაწერო ხელისუფლებისადმი კრიტიკული პოსტები ფეისბუკზე. იმიტომ, რომ ამას ჩვენ ვაკონტროლებთ და ეს შენ წინ დაგხვდება“. ყველაზე საშიში ჩემთვის ეს იყო“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

„მთელი ეს სტრატეგია აგებული იყო იმაზე, რომ თუ ოდესმე გაგიკრიტიკებია ხელისუფლება, შენ ვერ იქნები ადამიანის უფლებების დამცველი, რომლისგანაც ელიან სრულ პოლიტიკურ ნეიტრალობას, სტერილურობას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენები მიმდინარეობს.

პარლამენტმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატს უნდა მოუსმინოს.ჯერჯერობით დეპუტატებმა 7 კანდიდატს მოუსმინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი