საზოგადოება

ბაქო-თბილისი-ბუდაპეშტი | საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტზე ორბანიც საუბრობს

27 ოქტომბერი, 2022 • 2034
ბაქო-თბილისი-ბუდაპეშტი | საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტზე ორბანიც საუბრობს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრეს აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესახებაც.

ორბანის განცხადებით, უნგრეთი დაინტერესებულია ენერგია აზერბაიჯანიდან შეისყიდოს, ამისათვის კი საჭიროა დიდი ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც საქართველოს ტერიტორიასაც მოიცავს.

„ჩვენ გვინდა, ახალი დიდი ელექტროენერგიის ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ენერგია საქართველოს, რუმინეთის გავლით.

ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის“, — განაცხადა ვიქტორ ორბანმა დღეს, 27 ოქტომბერს.

მისი განცხადებით, ენერგოკრიზისის მოგვარება ქვეყანას დაეხმარება ფასების სტაბილურობასა და ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

უნგრეთში გამომუშავებული ენერგიის თითქმის ნახევარი მოდის ატომურ ელექტროსადგურზე, თითქმის 20 პროცენტი- ბუნებრივ აირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებზე, ხოლო თითქმის ამდენივე — ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებზე.

უნგრეთი ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს რუსეთის ფედერაციიდან ყიდულობს. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ფასები გაიზარდა.

მანამდე, 24 ოქტომბერს, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მშენებლობის შესახებ ისაუბრა საქართველოში მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომლის განცხადებითაც, აზერბაიჯანი გეგმავს ენერგიის ექსპორტს და ამისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენება განიხილება.

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტისთვის შესაძლო თეორიული მარშრუტები ასე გამოიყურება:

  • აზერბაიჯანი – საქართველო – შავი ზღვა – ევროკავშირი (რუმინეთი, ბულგარეთი)
  • აზერბაიჯანი – საქართველო – თურქეთი – ევროკავშირი (ბულგარეთი, საბერძნეთი)

 

მასალების გადაბეჭდვის წესი