ახალი ამბები

ორბანი: საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება დისკრიმინაციული იყო

27 ოქტომბერი, 2022 • 735
ორბანი: საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება დისკრიმინაციული იყო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, შემთხვევა, როდესაც მოლდოვამ და უკრაინამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველომ კი არა, „მორალურად ვერ გამართლდება“.

მისივე განცხადებით, ეს იყო დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოს წინაშე, ხოლო უნგრეთი გააგრძელებს მუშაობას, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

ვიქტორ ორბანმა ეს განცხადება გააკეთა დღეს, ბუდაპეშტში ქართველ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას.

შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველო-უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციასაც.

საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი პრაქტიკულად ერთად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააკეთეს, თუმცა საბოლოოდ ეს სტატუსი რეკომენდაციებთან ერთად მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ მიიღო.

საქართველოს მიენიჭა პოტენციური კანდიდატის სტატუსი და განესაზღვრა 12 რეკომენდაცია, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, ის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდება.

უნგრეთის მთავრობა გამოირჩევა ევროკავშირის საერთო პოლიტიკებისადმი უნდობლობითა და წინააღმდეგობით. ხშირად უნგრეთი მხარს არ უჭერს რუსეთისადმი დაწესებულ სანქცებსაც, მათ შორის ბუდაპეშტმა მხარი არ დაუჭირა რუსული ნავთობის ემბარგოსა და რუსი პატრიარქის, კირილ მეორის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი