კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განცხადებას ავრცელებს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ხელახალ არჩევასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილებები აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადის პასუხად გაცემული ევროკომისიის რეკომენდაციებით.
განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავმოყრილი ძალაუფლება ბუნებრივად აჩენს საჭიროებას, რომ საბჭო გამჭვირვალედ და სამართლიანად დაკომპლექტდეს, რაც შეამცირებს მის საქმიანობაზე შიდა თუ გარე გავლენის რისკებს. თუმცა კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 23 ოქტომბერს გამართული მოსამართლეთა კონფერენცია მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა კომპლექტდებოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო:
„უპირველეს ყოვლისა, კითხვებს ბადებს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის მიერ თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვება; გარდა ამისა, კონფერენციისთვის დღემდე უცნობი იყო, თუ ვინ იქნებოდა საბჭოს წევრობის კანდიდატები; მოსამართლეთა კონფერენციაზე ნომინირებული იყო ზუსტად იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანტური პოზიციაც იყო. კონფერენციაზე დამსწრე 279 მოსამართლიდან აბსოლუტურმა უმრავლესობამ კი ისე დაუჭირა მხარე დასახელებულ კანდიდატურებს, რომ არც საბჭოს ძველი წევრების წასვლის მიზეზებით დაინტერესებულა და არც ახლად არჩეული წევრების გეგმებით.
მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ახალი მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი აჩენს განცდას, რომ საბჭოში ორი პოზიცია დიმიტრი გვრიტიშვილისა და ლევან მურუსიძისთვის გათავისუფლდა. მურუსიძის და გვრიტიშვილის გვარები კი პირდაპირ უკავშირდება სასამართლო სისტემაში არაფორმალურ გავლენებსა და კლანურ მმართველობას“, – აცხადებენ ხელმომწერები.
განცხადების ავტორების თქმით, უკანასკნელ პერიოდში სასამართლო სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებები სრულიად წინააღმდეგობაშია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან. კოალიციის წევრ ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, კვლავ განაგრძობს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას და ყველა ბერკეტს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად:
„ამასთანავე, მურუსიძისა და გვრიტიშვილის საბჭოში ხელახალი არჩევა არის პირდაპირი პასუხი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ არ არსებობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმის ნება. ბოლო პერიოდის გამოცდილება აჩვენებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიერ წლების მანძილზე სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით გაწეული ძალისხმევა მოსამართლეთა კლანის წევრების ქმედებებით მნიშვნელოვნად დაზიანდა.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ გავლენიან მოსამართლეებთან თანამშრომლობა და მათზე პარტნიორების რესურსების დახარჯვა, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს კლანის ქმედებები მხოლოდ მათი ძალაუფლების შენარჩუნებისა და გაძლიერებისკენაა მიმართული, სისტემის განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას ვერ მოახდენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციების თქმით, მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო ამცირებს სასამართლოს სისტემური რეფორმის შესაძლებლობებს და აზიანებს ისედაც შელახულ ნდობას სასამართლოს მიმართ. ამავდროულად, განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან პოზიციებზე პირების ამგვარი პროცესებით დანიშვნა წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შინაარსთან და აშკარად აჩვენებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სისტემური რეფორმის ნაცვლად, კიდევ უფრო ძლიერდება ამ ორგანოში არაფორმალური გავლენები და ძალაუფლების კონცენტრაცია.