გერმანიაში კლიმატის აქტივისტებმა კლოდ მონეს ტილოს კარტოფილის პიურე ესროლეს. როგორც The Guardian წერს, შემთხვევა კვირას პოტსდამის მუზეუმში მოხდა. როგორც გამოცემა წერს, „თივის ზვინებისთვის“ კარტოფილის სროლის შემდეგ აქტივისტებმა ხელები კედელზე მიიწებეს და განცხადება გააკეთეს.
კლიმატის აქტივისტების განცხადებით, სამყარო კლიმატური კატასტროფის წინაშე დგას და წარმოდგენა არის ერთგვარი „გამოსაფხიზლებელი სიგნალი“:
„ჩვენ კლიმატის კატასტროფის წინაშე ვართ და თქვენ ტომატის სოუსისა და კარტოფილის პიურეს ნახატებზე შესხმაზე ღელავთ? იცით, მე რისი მეშინია? მეშინია, რადგან მეცნიერები გვეუბნებიან, რომ 2050 წლისთვის ოჯახებს ვეღარ გამოვკვებავთ. აუცილებელია ნახატების კარტოფილით დასვრა, რომ მოგვისმინოთ? ექნება მათ რაიმე ღირებულება, როცა საკვებისთვის ბრძოლას დავიწყებთ?“ — განაცხადეს აქტივისტებმა ტილოს დაზიანების შემდეგ.
NEW – Mashed potato attack on $110 million Monet painting in Germany.pic.twitter.com/dK8YCB2F1C
— Disclose.tv (@disclosetv) October 23, 2022
როგორც გამოცემა წერს, მუზეუმის სპიკერის თქმით, ტილო სპეციალური შუშით იყო დაცული და შემთხვევის შედეგად ნახატი არ დაზიანებულა. მუზეუმის წარმომადგენლის თქმით, პოლიცია ადგილზე მალევე მივიდა და აქტივისტები ნახატიდან განარიდეს.
The Guardian აღნიშნავს, რომ გასულ წელს კლიმატის აქტივისტებმა შიმშილობა რაიხსტაგის შენობასთან გამოაცხადეს და გერმანიის მთავრობა გარემოსდაცვის მიმართულებით უმოქმედობაში დაადანაშაულეს, წელს კი გერმანიის ყველაზე დატვირთული ავტომაგისტრალის გადაკეტვაც შეძლეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ხელოვნების მუზეუმები კლიმატის აქტივისტებისთვის, რომლებსაც საზოგადოების ყურადღების მიპყრობა მათთვის მნიშვნელოვან თემებზე სურთ, პოპულარულ ადგილად იქცა. მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ლონდონის ეროვნულ მუზეუმშიც მოხდა, სადაც აქტივისტებმა ვან გოგის ცნობილ „მზესუმზირებს“ პომიდვრის სოუსი შეასხეს.