ახალი ამბები

გარეჯზე აზერბაიჯანელ პარტნიორებთან გავაგრძელებთ კომუნიკაციას და კონსულტაციებს – დარჩიაშვილი

20 ოქტომბერი, 2022 • 668
გარეჯზე აზერბაიჯანელ პარტნიორებთან გავაგრძელებთ კომუნიკაციას და კონსულტაციებს – დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშილი აცხადებს, რომ დავითგარეჯის საკითხზე აზერბაიჯანულ მხარესთან კომუნიკაციასა და კონსულტაციებს აგრძელებს.

ამის შესახებ მან დღეს, 20 ოქტომბერს, პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

დარჩიაშვილს ენმ-ის წევრმა რომან გოცირიძემ ჰკითხა, ორი წლის განმავლობაში რა ნაბიჯი გადაიდგა და ჰქონდა თუ არა ამ საკითხზე საუბარი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და აზერბაიჯანელ კოლეგასთან.

„ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორი უდანაშაულო მეცნიერი დააპატიმრეს, რომელიც თქვენს უწყებაში მუშაობდა. რა ნაბიჯი გადაიდგა დავითგარეჯთან დაკავშირებით? გისაუბრიათ თუ არა თქვენს კოლეგასთან აზერბაიჯანში და რაში გამოიყენეთ ვიღაც ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკა, რომლის საფუძველზეც უდანაშაულო ხალხი დააპატიმრეთ?! სად არის რაიმე ნაბიჯი?!

ორი წლის განმავლობაში იქ მდგომარეობა გაუარესდა –  დგას სასაზღვრო ჯარი, მაშინ როდესაც მანამდე გარეჯში მისვლა ყველას შეეძლო – როგორც სასულიერო პირებს, ასევე ტურისტებს“, – ჰკითხა რომან გოცირიძემ საგარეო საქმეთა მინისტრს.

ილია დარჩიაშვილის თქმით, არსებობს კონკრეტული კომისია, რომლის ფარგლებშიც დავითგარეჯის საკითხი უნდა გადაწყდეს.

„რაც შეეხება დავითგარეჯის თემას, ამ სენსიტიურ თემაზე ზოგადად მინდა გითხრათ, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს შორის, ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობებზე მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა. ეს ურთიერთობა დინამიურია. ძალიან ვაფასებთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელსაც ორი ქვეყანა ერთმანეთის მიმართულებით დგამს.

რაც შეეხება გარეჯის თემას, ამ საკითხს აქვს კონკრეტული სივრცე, არის კომისია, რომლის ფარგლებშიც უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. ჩვენ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ამ მიმართულებით გავაგრძელებთ კომუნიკაციას და კონსულტაციებს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი