ახალი ამბები

იმედია, ბელარუსი დაუბრუნდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პოზიციას — დარჩიაშვილი

20 ოქტომბერი, 2022 • 652
იმედია, ბელარუსი დაუბრუნდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პოზიციას — დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ გამოთქვამს იმედს, ბელარუსი „მყარად დაუბრუნდება“ იმ პოზიციას, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან დაკავშირებით ჰქონდა:

„მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ბელარუსი მყარად დაუბრუნდება იმ პოზიციას, რომელიც ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მსგავსი ტიპის გამოვლინებები, რაც აზიანებს ჩვენ ქვეყანას, აღარ იქნება მომავალში“, – განაცხადა მინისტრმა.

დარჩიაშვილის თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგა:

„გავაკეთეთ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე, იყო პრემიერის გამოხმაურება, ჩემი გამოხმაურება; ჩვენ გამოვიძახეთ ბელარუსის ელჩი საქართველოში ახსნა-განმარტებისთვის და გადავდგით ყველა დიპლომატიური ნაბიჯი, რაც უნდა გადადგას ასეთ დროს ქვეყანამ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 2022 წლის ივნისში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს წარმომადგენელი, ვიქტორ შეიმანი მიიღო აფხაზეთში.

მოგვიანებით, სექტემბრის ბოლოს, პრეზიდენტი ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში პირადადაც ჩავიდა. ის ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა: „ბელარუსულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება, ამას შეიძლება მოჰყვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი