ახალი ამბები

ყველას დასახელება „ოცნებას“ ომბუდსმენობის სასურველი კანდიდატის ლობირებას გაუმარტივებს – სამადაშვილი “მოქალაქეებზე”

19 ოქტომბერი, 2022 • 666
ყველას დასახელება „ოცნებას“ ომბუდსმენობის სასურველი კანდიდატის ლობირებას გაუმარტივებს – სამადაშვილი “მოქალაქეებზე”

პარტია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „მოქალაქეების“ გადაწყვეტილება გაუმარტივებს „ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველის პოსტზე სასურველი კანდიდატის ლობირებას.

საუბარია პარტია „მოქალაქეების“ გადაწყვეტილებაზე, რომ სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს წარუდგენენ 19-ივე კანდიდატს.

„კანდიდატებს შორის არის ისეთი პირიც, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნება“ მალულად ლობირებს და უჭერს მხარს. ის, რომ ყველა იქნება დასახელებული, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ გაუმარტივებს, რომ ლობირება გაუწიოს მათთვის სასურველ კანდიდატურას, მაგრამ ჩვენთვის ამით არაფერი იცვლება. როგორც ვამბობდით, მხარს დავუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების დასახელებულ კანდიდატებს და ვაპირებთ, ეს პირობა დავიცვათ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი კი აღნიშნულ განცხადებას დაუსაბუთებელ ბრალდებას უწოდებს და ოპოზიციოენერ კოლეგებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან კი გვინდა ვუთხრათ, რომ გუშინ, როდესაც სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამართეთ შეხვედრა და ტრადიციულად არ დაგვიძახეთ, სწორედ თქვენთვის გვინდოდა შემოგვეთავაზებინა ეს მოდელი, რათა ერთად მიგვეცა ყველა კანდიდატისათვის შანსი.

ამიტომ, ახლა ყველას გთხოვთ, თავი შეიკავოთ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან, თითქოს ეს ვინმეს სასარგებლოდ გავაკეთეთ, ვინაიდან როდესაც კენჭისყრა ჩატარდება და შედეგებს დავინახავთ, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებით თქვენი განცხადებების გამო. ხოლო ჩვენ, ასეთი საჯარო ბრალდებებისთვის, ყველას ასევე საჯაროდ მოგთხოვთ პასუხს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

თავად „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ „მოქალაქეების“ გადაწყვეტილება შესაძლოა პროცესის გამჭვირვალობისთვის ცუდი არ იყოს.

„ნაცვლად, დავუშვათ, 7-8-9 კანდიდატისა, ჩვენ 19 კანდიდატს მოვუსმენთ. ტექნიკურად ეს პარლამენტისთვის მეტ ტვირთს ნიშნავს, მაგრამ შეიძლება გამჭვირვალობისთვის ცუდი არ იყოს. ვნახოთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ობახიძემ.

მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით, ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის, არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

შეფასების სამუშაო ჯგუფმა სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველი  19 პირი შეაფასა და შესაბამისი ქულები დაუწერა. როგორც კომისიის შეფასებების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, 19 პირიდან ყველაზე მაღალი ქულები ანა აბაშიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა, ნუგზარ კოხრეიძემ და გიორგი ბურჯანაძემ (მოქმედი ომბუდსმენის პირველი მოადგილე) მიიღეს.

კომისიის შეფასებების შემდეგ,  პარლამენტში წარმოდგენილმა სუბიექტებმა მინიმუმ 7 კანდიდატი საკანონმდელბლო ორგანოს ასარჩევად 21 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინონ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტს 7-ზე ნაკლები კანდიდატი წარედგინება, მაშინ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი თავიდან დაიწყება.

კანონის თანახმად კი, თუ პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს ვერ აირჩევს, მაშინ მის მოვალეობას ომბუდსმენის პირველი მოადგილე შეასრულებს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი სახალხო დამცველის არჩევით დაინტერესებული არაა. მისი თქმით, ამჟამინდელი სახალხო დამცველის ოფისი „ნაციონალირი მოძრაობის“ მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული და თუ პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი არ აირჩია, სახალხო დამველის არსებული ოფისი მათი გავლენის ქვეშ დარჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი