ახალი ამბები

10 ათასი უნდა გადაუხადონ შშმ პირს, რომელსაც პოლიციელებმა მოშარდვის უფლება არ მისცეს

19 ოქტომბერი, 2022 • 1289
10 ათასი უნდა გადაუხადონ შშმ პირს, რომელსაც პოლიციელებმა მოშარდვის უფლება არ მისცეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საპატრულო პოლიციამ 10 000 ლარი უნდა გადაუხადონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს, რომლის მიმართაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა. ინფორმაციას ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”(PHR) ავრცელებს.

საქმეში მოსარჩელეა მოქალაქე დავით ხუბუა, რომელიც გადაადგილებისთვის ეტლს იყენებს.

ორგანიზაციის თანახმად, 2016 წლის 15 ივნისს ხუბუა სამ თანამგზავრთან ერთად ავტომობილით მიდიოდა თბილისიდან ქუთაისისკენ.  მანქანის გაუმართაობის გამო მათ გაჩერება მოუწიათ, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მიუახლოვდათ.

პოლიციელების მხრიდან მანქანის დაყოვნება რამდენიმე საათს გაგრძელდა. PHR-ის ცნობით, მთელი ამ დროის განმავლობაში  მოსარჩელე პატრულ-ინსპექტორებს ამაოდ სთხოვდა ეტლის საბარგულიდან გადმოტანაში დახმარებას, რადგან ესაჭიროებოდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

“დავით ხუბუას თანამგზავრებმა მინიმუმ 8-ჯერ სცადეს ეტლის საბარგულიდან გადმოღება, თუმცა ამის საშუალება მათ პატრულ-ინსპექტორებმა არ მისცეს.

საპატრულო პოლიციის მხრიდან მანქანაში თავისუფლების შეზღუდვის მთელი დროის განმავლობაში დავით ხუბუას უწევდა შარდის შეკავება, რის გამოც მას დაეწყო ძლიერი სპაზმი და განიცდიდა მძიმე ტკივილს”, — წერს ორგანიზაცია.

საბოლოოდ, დავით ხუბუა იძულებული გახდა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა ავტომანქანაში — საჯარო სივრცეში, სხვების თანდასწრებით. ამის შემდეგ მას რამდენიმე საათი მოუწია ამ მდგომარეობაში მანქანაში დარჩენა.

“ყოველივე აღნიშნულმა გამოიწვია დავით ხუბუას ღირსების შელახვა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, შეზღუდული შესაძლებლობის გამო დისკრიმინაციული ნიშნით”, — აღნიშნავს PHR.

პრესრელიზის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი ვერ დაინახა და პოლიციელთა მოქმედება/უმოქმედობა კანონიერად მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე, ჯერ კიდევ 2016 წელს, დისკრიმინაცია დადგენილი ჰქონდა სახალხო დამცველსაც.

საბოლოოდ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციომ გააუქმა და ხუბუას მიმართ შსს-სა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დადგინდა.

მოპასუხეებს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ.

PHR-ის განცხადებით, გარდა იმისა, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება სამართალდამცავთა სისტემაში შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომების გამოსწორებას ემსახურება, ის არის პრევენციული ხასიათის ღონისძიებაც, რათა მომავალში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი