ახალი ამბები

თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი გადადგა

19 ოქტომბერი, 2022 • 1987
თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი გადადგა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი გადადგა.

გუშინ, 18 ოქტომბერს, გიგაშვილის მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი დააკავეს სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ეს მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ვახტანგაშვილი ბრალს არ აღიარებს.

ვაკის პარკში 13 წლის მარიტას დაღუპვისა და ბავშვების დაშავების საქმეზე თავად გიგაშვილიც გამოკითხეს. ის ამტკიცებდა, რომ შადრევანი 13 ოქტომბრის დილასაც გაიწმინდა და შემოწმდა.

„ძალიან დიდი ხანია ეგ დატესტვის რეჟიმშიც არის, „დაექსპერტებული“ არის, თუმცა, კონკრეტულად რამ გამოიწვია, ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით. შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს, როდესაც გამოკითხვიდან გამოვიდა.

გიგა გიგაშვილი რამდენიმე წელი იკავებდა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას.


18 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული კომპანიის „გრინსერვის პლუსის” დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და კიდევ 8 პირი დააკავეს. მათ შორის, საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე – გიორგი ვახტანგაშვილი.

ფურცხვანიძეც და ვახტანგაშვილიც ბრალს არ აღიარებენ.

მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში, ახლად გახსნილ შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად 13 წლის ორი ბიჭი შევიდა, რომლებსაც დენმა დაარტყა.

მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი