ახალი ამბები

კულტურის სამინისტროს ეზოში ძველი სომხური აკლდამები აღმოაჩინეს

19 ოქტომბერი, 2022 • 588
კულტურის სამინისტროს ეზოში ძველი სომხური აკლდამები აღმოაჩინეს

კულტურის სამინისტრო იუწყება, რომ თბილისში, სამინისტროს შენობის ეზოში, – სადაც წარსულში სომხური ტაძარი იყო, მიმდებარედ კი სასაფლაო, – რეაბილიტაციის დროს ძველი აკლდამები და ხუთი ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს.

სამინისტროს ცნობით, სამინისტროს შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე სარებილიტაციო სამუშაოების დროს თავდაპირველად ორი აკლდამა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც სამინისტრომ სამუშაოები შეაჩერა და არქეოლოგები მიიწვია.

„არქეოლოგებმა სამინისტროს შიდა ეზოს სხვა მონაკვეთებიც დაამუშავეს და აღმოაჩინეს ხუთი ნეშტი. მათგან ორი იდენტიფიცრებულია საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების წყალობით. როგორც ეპიტაფიით ირკვევა, ერთი საფლავი სომხური ტაძრის მღვდლის, ოჰანეზ ტერ პოღოსიანისაა, მეორე კი – მისი მეუღლის“, — იუწყება სამინისტროს პრესცენტრი.

სამინისტროს ცნობითვე, „წარსულში ამ ტერიტორიაზე იყო სომხური ეკლესია და საბჭოთა პერიოდში ეკლესიის მიმდებარედ არსებული სომხური სასაფლაო იქნა გაუქმებული“. უწყების თანახმად, აღმოჩენის შესახებ შეტყობინება გაუგზავნეს საქართველოს სომხურ სათვისტომოსა და სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას.

არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობს კვლევის სამსახურის არქეოლოგი ზურაბ გიორგაძე აცხადებს, რომ „საქმე გვაქვს დაახლოებით XIX საუკუნის მიწურულის/XX საუკუნის დასაწყისის სამაროვანთან (სასაფლაოსთან)“.

სპეციალისტის თანახმადვე, ამ ადგილას „მდებარეობდა სომხური ვანქის მონასტერი, დამხმარე ნაგებობებით, და ტაძრის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს მოწყობილი იყო სამაროვანი“.

გიორგაძის თქმით, ადგილზე ფიქსირდება რამდენიმე ათეული საფლავის ქვა, რომელთაგან მხოლოდ ზემოხსენებული ორის იდენტიფიცირება მოხდა.

სამინისტროს ცნობითვე, 18 ოქტომბერს სამინისტროსა და  საქართველოში სომხური სათვისტომოს და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის შეთანხმების საფუძველზე, ნეშტები გადაასვენეს ხოჯევანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელმწიფო პანთეონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი