ახალი ამბები

თუ ახალი ომბუდსმენი ვერ აირჩევა, ამ ოფისზე სრული კონტროლი ენმ-ს რჩება – კობახიძე

18 ოქტომბერი, 2022 • 627
თუ ახალი ომბუდსმენი ვერ აირჩევა, ამ ოფისზე სრული კონტროლი ენმ-ს რჩება – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი სახალხო დამცველის არჩევით დაინტერესებული არაა.

მისი თქმით, ამჟამინდელი სახალხო დამცველის ოფისი „ნაციონალირი მოძრაობის“ მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული და თუ პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი არ აირჩია, სახალხო დამველის არსებული ოფისი მათი გავლენის ქვეშ დარჩება.

საუბარია საკანონმდებლო ნორმაზე, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს ვერ აირჩევს, მაშინ მის მოვალეობას ომბუდსმენის პირველი მოადგილე შეასრულებს.

თუმცა კობახიძის თქმით, სახალხო დამცელის არჩევასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი.

„ეს ზოგადი ოპტიმიზმია, თუმცა, რა თქმა უნდა, რისკები ძალიან სერიოზულია, რისკები დაკავშირებულია, მათ შორის, იმასთან, რომ „ნაცმოძრაობას“ სუბიექტური ინტერესი არ აქვს, რომელიმე კანდიდატს მხარი დაუჭიროს. დღეს სახალხო დამცველის ოფისი მთლიანად „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე, თუ ახალი ომბუდსმენი ვერ აირჩევა, მათ ისედაც რჩებათ სრული კონტროლი ამ ოფისზე.

შესაბამისად, ეს აძლიერებს რისკებს, მაგრამ ჩვენ მაინც დავიტოვოთ იმედი იმისა, რომ კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება მოხერხდება. ხუთშაბათს ვადა იწურება, კანდიდატები დასახელდებიან, ამის შემდეგ საკომიტეტო მოსმენები ჩატარდება და, რა თქმა უნდა, ამ პროცედურის გავლის შემდეგ, უმრავლესობა ჩამოაყალიბებს საკუთარ პოზიციას დასახელებული კანდიდატების მხარდაჭერის თაობაზე“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით, ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის, არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

შეფასების სამუშაო ჯგუფმა სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველი  19 პირი შეაფასა და შესაბამისი ქულები დაუწერა. როგორც კომისიის შეფასებების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, 19 პირიდან ყველაზე მაღალი ქულები ანა აბაშიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა, ნუგზარ კოხრეიძემ და გიორგი ბურჯანაძემ (მოქმედი ომბუდსმენის პირველი მოადგილე) მიიღეს.

კომისიის შეფასებების შემდეგ,  პარლამენტში წარმოდგენილმა სუბიექტებმა მინიმუმ 7 კანდიდატი საკანონმდელბლო ორგანოს ასარჩევად 21 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინონ.

ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ ახალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატს არ დაასახელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი