ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უკრაინის რადამ იჩქერია დროებით ოკუპირებულად აღიარა

18 ოქტომბერი, 2022 • 1595
უკრაინის რადამ იჩქერია დროებით ოკუპირებულად აღიარა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის რესპუბლიკა ისჩქერიის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარებას.

ამით უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ პრაქტიკულად აღიარა იჩქერიის დამოუკიდებლობაც.

იჩქერია ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკა იყო, რომელიც აერთიანებდა ჩეჩნეთსა და ინგუშეთს და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ცდილობდა, თუმცა რუსეთის ფედერაციამ შეძლო მისი ლიდერების ლიკვიდაცია ან ქვეყნიდან გაძევება.

რადას მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელსაც მხარი 287-მა დეპუტატმა დაუჭირა, ასევე გმობს ჩეჩენი ხალხის გენოციდსაც, რომელსაც კანონის მხარდამჭერების თანახმად, ადგილი ჰქონდა 1990-იან და 2000-იან წლებში.

რადა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გამოიძიოს „დროებით ოკუპირებული იჩქერიის“ ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულები.

რადაში ივლისის თვეში იჩქერიის აღიარების შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირეს ოლექსი გონჩარენკომ და მუსა მაგომედოვმა.

ამჟამად იჩქერიის მთავრობის წევრები ემიგრაციაში იმყოფებიან, ძირითადად თურქეთსა და ევროპაში ცხოვრობენ, რადგან რუსეთის ხელისუფლება დევნის.

უკრაინის მხარეს რამდენიმე ჩეჩნური ბატალიონი იბრძვის.

ჩეჩენი და ინგუში მებრძოლები ასევე ირიცხებიან უკრაინის მხარეს მებრძოლი სხვადასხვა ბატალიონების რიგებში, მათ შორის ქართულ ლეგიონშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი