ახალი ამბები

რადას თავმჯდომარემ პაპუაშვილი ბუჩაში მიიწვია – უკრაინის საელჩო

8 აპრილი, 2022 • 1140
რადას თავმჯდომარემ პაპუაშვილი ბუჩაში მიიწვია – უკრაინის საელჩო

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინელი კოლეგისგან ბუჩაში ჩასვლის მიწვევა მიიღო.

ამის შესახებ მან დღეს, 8 აპრილს, უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მსოფლიომ ნახა და დაგმო სამხედრო დანაშაულები ბუჩაში. თქვენ გეცოდინებათ, რომ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს, ჩავიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაულები. შესაბამისი მიწვევა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა”, – განაცხადა კასიანოვმა.

„ნეტგაზეთს“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ შალვა პაპუაშვილს რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი.

მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც უკრაინელებმა რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქები გაათავისუფლეს. კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ბუჩაზე უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. ქალაქში შესულ ჟურნალისტებს და სამხედროებს ქუჩებში ასობით მოკლული ადამიანის ცხედარი დახვდათ. მათ ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული. მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობას შორის იყვნენ ქალები და ბავშვებიც. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი