საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთთან უვიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროება არ არსებობს.
ამის შესახებ ხუციშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას თქვა.
„დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს. შესაბამისად, ამ ეტაპზე [სავიზო რეჟიმის გადახედვის] საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც არის საჭირო უსაფრთხოების მიმართულებით, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არის“, — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ არჩილ თალაკვაძის თქმით, პრეზიდენტის განცხადება მთავრობასთან და პარლამენტთან შეთანხმებული არ ყოფილა.
„რამე ახალი გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით პარლამენტში განხილული არ ყოფილა. მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის მიხედვით გახლავთ დამოუკიდებელი ინსტიტუტი, შესაბამისად, თქვენი სულისკვეთება, რომ მისი განცხადება მაინცდამაინც შეთანხმებული უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან, კონსტიტუციით ასეთი საფუძვლიანი არ არის“, — განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მიმდინარე აგრესიის პირობებში რუსეთთან ლიბერალური სავიზო რეჟიმი შესაძლოა ნაკლებად მისაღები იყოს და მისი „გადახედვა მოგვიწიოს“.
„არ ვიტყოდი, რომ საფრთხეა, მაგრამ რუსი მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში ნამდვილად არის გამოწვევა. მთავარია, საზოგადოება დარწმუნებული იყოს, რომ კონტროლის ყველა მექანიმზი გამოყენებულია, რათა საფრთხე არ გაჩნდეს. ამისთვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია, საზოგადოების მეტად ინფორმირება. გამორიცხული არ არის, რომ მოგვიწიოს გადახედვა სავიზო რეჟიმის, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება, ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების გადასაწყვეტია, საზოგადოებასთან ერთად და მისი ინფორმირებით“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეიძლება, რუსეთთან უვიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს — ზურაბიშვილი