ახალი ამბები

მერიის ფეისბუკზე აღარ იძებნება პოსტი რეაბილიტირებული შადრევნის გახსნის შესახებ

13 ოქტომბერი, 2022 • 1146
მერიის ფეისბუკზე აღარ იძებნება პოსტი რეაბილიტირებული შადრევნის გახსნის შესახებ

თბილისის მერიის ფეისბუკის გვერდზე ამ დროისთვის აღარ იძებნება პოსტი და ფოტოები, რომლებიც ვაკის პარკში რეაბილიტირებული შადრევნის საზეიმო გახსნას ასახავს.

სწორედ ამ შადრევანში ჩასვლის შემდეგ დაარტყა დენმა სამ არასრულწლოვანს. ერთ-ერთი მათგანი, 13 წლის გოგო, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.

თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, რის შემდეგაც ორი მათგანი ბურთის ამოსაღებად წყალში ჩავიდა, ხოლო როდესაც მათ დენმა დაარტყა,  დასახმარებლად ჩავიდა მესამე არასრულწლოვანიც, რომელსაც ასევე დაარტყა დენმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება დაიწყო მუხლით, რომელიც გულისხმობს „ელექტროენერგიის ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება“ (240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი).

ეს მუხლი, სავარაუდოდ, მოგვიანებით დაზუსტდება.

რეაბილიტირებული შადრევანი, სადაც ბავშვებს დენმა დაარტყა, წინა დღეს, 12 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა, იქვე მდებარე მცირე კასკადთან ერთად.

თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ამ შემთხვევის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო და განაცხადა: „ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, ეს მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს, ვინც მუშაობდა“.

მერიის ცნობით, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, ჯამში, 6 500 000 ლარი იყო.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ბესიკ დონაძის განცხადებით, „კომპანიის გარდა პაუსიხსმგებლები არიან მერიის თანამშრომლები, რომლებმაც ტენდერის გამოცხადებიდან ობიეტის ჩაბარებამდე გაწიეს გარკვეული სამუშაოები“ და სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მოაწერეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი