ახალი ამბები

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე უარის თქმის საფუძველი ცალსახაა – ბრეგაძე

13 ოქტომბერი, 2022 •
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე უარის თქმის საფუძველი ცალსახაა – ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით გადაცემაზე უარის თქმის საფუძველი ცალსახად არის გამოკვეთილი.

ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინის სასამართლოსგან საქართველოს ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღია  მიხეილ სააკაშვილის გადაცემის შესახებ.

„მსგავსი სახის ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა ჩვენი მხრიდან შეიძლება გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს. თუმცა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვე არის საერთაშორისო შეთანხმებებით და საქართველოს კანონმდებლობითაც გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ ქვეყანაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის წარმოება.”

რატი ბრეგაძის თქმით, მოთხოვნის მიღების შემთხვევაშიც კი, ქართულ მხარეს სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს.

„როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული 2 საქმეზე და დანარჩენ 3 საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ იმასაც, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, იმთავითვე არსებობს უარის თქმის გამოკვეთილი საფუძველი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შელახვაზე მიმდინარე საქმის ფარგლებში გამოსცა განჩინება, რომელიც ეხება აღნიშნულ პროცესზე ჩვენების მისაცემად ექსპრეზიდენტის უკრაინაში გადაყვანას.

თუთბერიძე განმარტავს, რომ შესაბამისი შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა დააყენა:

„გადაყვანაზეა საუბარი. უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ბორისპოლის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გამუგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც უნდა იმსჯელოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე“, – აცხადებს ადვოკატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი