მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შელახვაზე მიმდინარე საქმის ფარგლებში, გამოსცა განჩინება, რომელიც ეხება აღნიშნულ პროცესზე ჩვენების მისაცემად ექსპრეზიდენტის უკრაინაში გადაყვანას.
თუთბერიძე განმარტავს, რომ შესაბამისი შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა დააყენა:
„გადაყვანაზეა საუბარი. იუსტიციის სამინისტრო უკრაინის გამოუგზავნის ბორისპოლის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც უნდა იმსჯელოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე“, – აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, კონკრეტული ვადები, თუ რა დროში უნდა მოხდეს შესაბამისი დოკუმენტაციის საქართველოში გამოგზავნა, დადგენილი არ არის. უცნობია, როგორი იქნება ქართული მხარის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის დროებით უკრაინაში გადაყვანის თაობაზე.
საუბარია რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის საქმეზე, რომელსაც უკრაინის სასამართლო განიხილავს, მიხეილ სააკაშვილი კი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, დაზარალებულადაა ცნობილი. აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარია სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშშიც.