ახალი ამბები

ყირიმის ხიდთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა – დეგნანი

12 ოქტომბერი, 2022 • 766
ყირიმის ხიდთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა  – დეგნანი

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეხმაურება რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების განცხადებას, რომლის ვერსიითაც, ასაფეთქებელი ნივთიერება, რომლითაც ყირიმის ხიდი ააფეთქეს, ბულგარეთიდან საქართველოსა და სომხეთის გავლით რუსეთში გადაიტანეს.

„ბევრი სპეკულაციაა მთელ ინციდენტზე [ყირიმის ხიდზე აფეთქებაზე], რამაც უკან წასწია რუსეთის სასტიკი თავდასხმები უკრაინელების წინააღმდეგ. ცხადია, ეს არის მნიშვნელოვანი. მაგრამ რაც შეეხება სატვირთოს, არა მგონია, ვინმეს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან და სანაპირო დაცვასთან, ვმუშაობთ უკვე ათწლეულებია და უზრუნველვყოფთ მათ ყველანაირ შესაძლებლობით, აღჭურვილობით, სწავლებითა და ტრენინგით, რათა დაიცვან საკუთარი საზღვრები, შეაჩერონ აგრესია, და ამ თანამშრომლობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ელჩა დეგნანმა.


კრემლისტური მედიის ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე ФСБ-მ 8 ადამიანი დააკავა – რუსეთის 5 მოქალაქე, უკრაინისა და სომხეთის — 3, „ტერაქტის“ ორგანიზატორად კი უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი დაასახელა.

რუსეთის სპეცსამსახურების ვერსიით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი ოდესის პორტიდან ჯერ ბულგარეთში გადაიტანეს, იქიდან საქართველოში, ფოთის პორტში, საიდანაც სომხეთში მოხვდა. გადატანის პროცესში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები – მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები – სანდრო ინასარიძე, ბროკერი მეტსახელად „ლევანი“ და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.

ეფესბეს რელიზში ნათქვამია, რომ 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ერევნის ტერმინალ „ტრანსალიანსში“ ტვირთი განაბაჟეს და დოკუმენტები შეცვალეს. გამგზავნად მიუთითეს შპს „გუ-არ-ჯი გრუპი“ (სომხეთი, ქ. ალავერდი), ხოლო მიმღებად – შპს „ლიდერი“ (მოსკოვი).

კრემლისტური მედია წერს, რომ 8 ოქტომბერს, დილით, ყირიმის ხიდზე აფეთქდა სატვირთო ავტომანქანა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა მიმავალ მატარებელში საწვავით სავსე შვიდ ცისტერნას. ნაწილობრივ ჩამოიშალა ორი საავტომობილო მონაკვეთი, დაიღუპა ოთხი ადამიანი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ სატვირთოს.


შაბათ დილას, 8 ოქტომბერს, ქერჩის (ყირიმის) ხიდს, – ყირიმის ანექსიის ერთგვარ სიმბოლოსა და ერთ-ერთი საკვანძო სტრატეგიულ არტერიას რუსული ძალებისთვის, – აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ხიდის ნაწილი, – საავტომობილო ხაზი, რომელიც სარკინიგზო ხაზის პარალელურადაა აშენებული, – ჩამოინგრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი