ახალი ამბები

„ვიცავთ უკრაინას“ – 14 ოქტომბერს თბილისში უკრაინელი აქტივისტების აქცია იგეგმება

12 ოქტომბერი, 2022 • 1483
„ვიცავთ უკრაინას“ – 14 ოქტომბერს თბილისში უკრაინელი აქტივისტების აქცია იგეგმება

პარასკევს, 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე უკრაინელი აქტივისტები, საქართველოში მცხოვრები სხვა უკრაინელები და მათი მხარდამჭერები აქციას გამართავენ უკრაინის მხარდასაჭერად, საერთაშორისო კამპანიის „ვიცავთ უკრაინას“ (Defending Ukraine) ფარგლებში.

დემონსტრაციების ციკლი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 14-დან 16 ოქტომბრამდე იგეგმება. კამპანია ეძღვნება „უკრაინის დამცველთა დღეს“, რომელიც ყოველწლიურად 14 ოქტომბერს აღინიშნება.

„აქციის მონაწილეები გეგმავენ, შეკრან სიმბოლური „თავდაცვის წრე“ თავიანთ ქალაქებში არსებული ძეგლების, შენობების ან ცნობადი ნაგებობების გარშემო, რაც სიმბოლურად უჩვენებს, თუ როგორ იცავენ მამაცი უკრაინელი კაცები და ქალები ბრძოლის წინა ხაზზე მთელი ცივილიზებული სამყაროს ღირებულებებს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ორგანიზატორები იწვევენ მედიის წარმომადგენლებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, უკრაინელებს თბილისში და ასევე ყველა ქართველს, ვინც შეშფოთებულია რუსეთის ქმედებებით.

უკრაინის „მცველთა დღე“ 2014 წლიდან აღინიშნება. პირველად ეს დღე მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანების საფუძველზე აღნიშნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი