ახალი ამბები

დიაბეტის მქონე ბავშვთა მკურნალობა გურჯაანსა და მარნეულშიც გახდა ხელმისაწვდომი – ჯანდაცვის სამინისტრო

12 ოქტომბერი, 2022 • 633
დიაბეტის მქონე ბავშვთა მკურნალობა გურჯაანსა და მარნეულშიც გახდა ხელმისაწვდომი  – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის გაიზარდა დიაბეტის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა  და დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას შეძლებენ გურჯაანსა და მარნეულშიც.

სამინისტროს განცხადებით, რეგიონებში სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ბავშვთა ენდოკრინოლოგების მიერ კონსულტაცია ჰიბრიდულ რეჟიმში მოხდება. კერძოდ:

„დადგენილი პერიოდულობით (თვეში არანაკლებ ერთხელ) სამედიცინო დაწესებულებაში მოხდება ენდოკრინოლოგის მიერ ბენეფიციარების ადგილზე მომსახურება, ხოლო კონსულტაციების ნაწილი განხორციელდება დისტანციურად“.

სამინისტროს განმარტებით, ბავშვთა ენდოკრინოლოგები ძირითადად დასაქმებულნი არიან დიდ ქალაქებში, რის გამოც რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებს ექიმთან კონსულტაციისთვის საქალაქთაშორისო გადაადგილება უწევთ, სერვისის ჰიბრიდულ რეჟიმში მიწოდება კი შესაძლებლობას აძლევს პაციენტს, სიცოცხლისთვის აუცილებელი მომსახურება ადგილზევე, თავის რეგიონში მიიღოს.

უწყების თანახმად, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერული სერვისი ითვალისწინებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის შემდეგი მომსახურების მიწოდებას:

• საანალიზო-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა:
• გლუკომეტრი;
• სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირები და სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსები;
• შარდში კეტოსხეულების განმსაზღვრელი ტესტ-ჩხირები;
• ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/მეთვალყურეობა;
• გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით;
• დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი;
• პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლება;
• ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
• სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემა.

დიაბეტის პროგრამის ვაუჩერული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია შემდეგ დაწესებულებებში:

თბილისი:

  • “ენმედიცი”-თბილისი წინანდლის ქ.N9
  • შპს. “დიაბეტიან ბავშვთა ცენტრი”-თბილისი. პ.ქავთარაძის I შესახვევი N2
  • შპს. “დიაკორი”-თბილისი, ლუბლიანის ქ.N5
  • შპს ჯეო ჰოსპიტალს – თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი -წინანდლის N9-3

ქუთაისი

  • დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი – ჯავახიშვილის N 83ა
  • ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი – ტ.ტაბიძის 23

ბათუმი:

  • ბათუმის მ.იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი (აეროპორტის გზატკეცილი 64)
  • შპს ქ.ბათუმის №1 პოლიკლინიკა – ტბ. აბუსერიძის ქ. №2

გურჯაანი:

  • შპს ჯეო ჰოსპიტალს – გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი – მარჯანიშვილის ქ. N35

მარნეული:

  • შპს ჯეო ჰოსპიტალს – მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი – რუსთაველის ქ. N112

მასალების გადაბეჭდვის წესი