ახალი ამბები

ვერის ბაღი, ვაკის პარკი და ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია – რას გეგმავს თბილისის მერია

12 ოქტომბერი, 2022 •
ვერის ბაღი, ვაკის პარკი და ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია – რას გეგმავს თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში თბილისში რამდენიმე პროექტი განხორციელდება, მათ შორის დასრულდება ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაიწყება ვერის ბაღის და ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია-განახლების პროცესი. ამის შესახებ მან დღეს, 12 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ აღნიშნა, რომ ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა, რაც მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას გულისხმობს. მომავალი წლის გაზაფხულზე კი დასრულდება სამუშაოების მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში სრულად მოეწყობა ცენტრალური კასკადი.

რაც შეეხება ვერის ბაღს, კალაძის თქმით, მომავალი წლისთვის იგეგმება ვერის ბაღის სრული განახლება-რეაბილიტაცია. თბილისის მერის შეფასებით, ეს იქნება ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რომლის ფარგლებშიც “ბაღი თავის ისტორიას და მნიშვნელობას დაიბრუნებს”.

“გაძლევთ პირობას, რომ ვერის ბაღიც იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი გართობისა და განტვირთვისთვის. ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება შესაბამისი სივრცეები”, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საუბრისას კი მერმა აღნიშნა, რომ ეს ადგილი ამორტიზებულია და სხვადასხვა ტიპის დაზიანება აღენიშნება, რის გამოც მერიამ მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში აღნიშნული სივრცის რეაბილიტაციაც გადაწყვიტა.

“მომდევნო დღეების განმავლობაში, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ე.წ. ფილარმონიის წინ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებას დაიწყებს. კერძოდ, ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მუზის ქანდაკების მიმდებარედ დაზიანებულია ქვის ფილები, რაც ვერ უზრუნველყოფს უხვი ნალექის შეკავებას.

გარდა ამისა, ტერიტორია წარმოადგენს კოსტავას ქუჩის მხრიდან ტროტუარის ჭერს, რომელიც საზოგადოებრივი სარგებლობისაა. წვიმიან ამინდში ამ გადახურულ სივრცეშიც წვიმს, წყალი ჩადის და დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, ცენტრალური შესასვლელის მხრიდან დაზიანებულია ფილები და ჰიდროიზოლაციის არქონის გამო სარდაფები იტბორება წყლით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე, კალაძის თქმით, მოპირკეთდება ამორტიზებული გრანიტი, სრულად განახლდება ფილარმონიის შენობის წინ არსებული შადრევანიც, ასევე განახლდება ე.წ. წყლის ფარდა, რომელიც ამ ტერიტორიაზე წლების წინ არსებობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი