ახალი ამბები

მოსმენების საქმეზე გამოძიება გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს – SJC

11 ოქტომბერი, 2022 • 525
მოსმენების საქმეზე გამოძიება გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, სასულიერო პირების მოსმენების საქმეზე გამოძიების დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, პროკურატურამ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დაზარალებულად ცნო.

თუმცა, ორგანიზაციის თქმით,  საქმის მასალების გადმოცემაზე უარი სრულიად დაუსაბუთებლად უთხრეს და მხოლოდ მასალების არასაიდუმლო ნაწილის გაცნობის შესაძლებლობა მისცეს.

საუბარია 2021 წლის 13-14 სექტემბერს გასაჯაროებული ე.წ. სუს-ის კრებსების თაობაზე მიმდინარე გამოძიებაზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოძიების პროცესში იცავს სასულიერო პირების, მათ შორის, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტ მალხაზ სონღულაშვილის,  ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოს რუსუდან გოცირიძის, დედა სიდონიას, დეკანოზი გიორგი მამალაძის, ასევე სამოქალაქო აქტივისტებისა და თავად სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლების სამართლებრივ ინტერესებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თითქმის სრულად დაშტრიხა უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რაც მათთვის შეუძლებელს ხდის შინაარსის სრულყოფილად გაცნობას.

საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ორგანიზაციის თქმით, მათთვის ნათელი გახდა, რომ:

  • მათ მიერ მოთხოვნილი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული არ არის;
  • გამოძიების ფარგლებში არ არიან გამოკითხულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშრომლები;
  • სუს-ის დანარჩენი თანამშრომლების გამოკითხვაც ხარვეზიანი და ფორმალურია, ისინი ხშირად, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელით, გამოძიების ფუნდამენტურ კითხვებს პასუხს არ სცემდნენ;
  • გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე არ არის შემოწმებული ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლის საფუძველზეც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მოსმენა ხორციელდებოდა;
  • მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მაგალითად, ტელეფონებისა და სამსახურეობრივი კომპიუტერების ჩხრეკა და ამოღება, დაგვიანებით ჩატარდა, როცა მტკიცებულებებზე გარეშე ზემოქმედება უკვე შესაძლებელი იყო.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, აღნიშნული გარემოებები აჩვენებს, რომ არაერთი პირის კერძო კომუნიკაციისა და მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს.

„მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები ამ დრომდე არ ჩატარებულა, ჩატარებული მოქმედებების ნაწილი კი ფორმალურია და ნაკლებად მოსალოდნელია, მათმა შედეგმა გამოძიების მიმდინარეობაზე არსებითი გავლენა მოახდინოს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს თბილისის პროკურატურას, უზრუნველყოს ყოველმხრივ, სრული, ობიექტური გამოძიების წარმოება და გამოძიების პროცესში განუხრელად დაიცვას დაზარალებულების სამართლებრივი ინტერესები.

ამასთან, ორგანიზაცია აგრძელებს გამოძიების პროცესში ბენეფიციარების ინტერესების დაცვას და უახლოეს მომავალში საგამოძიებო ორგანოს დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ შუამდგომლობებს წარუდგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი