ახალი ამბები

ზაპოროჟიე ისევ დაიბომბა, არის მსხვერპლი

11 ოქტომბერი, 2022 •
ზაპოროჟიე ისევ დაიბომბა, არის მსხვერპლი

ზაპოროჟიეს გუბერნატორის ცნობით, 11 ოქტომბერს რუსეთმა  ქალაქი კიდევ ერთხელ დაბომბა, რასაც ერთი ადამიანი შეეწირა. ამასთან, გაიზარდა ორშაბათს კიევსა და სხვა ქალაქებზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი.

უკრაინის თანახმად, 11 ოქტომბერს ზაპოროჟიეში საზოგადოებრივ ობიექტებს 12 რაკეტა მოხვდა.

ოლქის გუბერნატორის, ოლექსანდრ სტარუხის განცხადებით, დაზიანებულ შენობებს შორისაა სკოლა და ამბულატორია. ქალაქის საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტიევის მიხედვით, დაზიანებულია საცხოვრებელი შენობებიც.

სტარუხის ინფორმაციით, ადამიანის დაღუპვის ფაქტი ავტოცენტრში დაფიქსირდა.

ზაპოროჟიე უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქია, სადაც ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა გასულ დღეებში რუსეთის თავდასხმებს. ზაპოროჟიეს ოლქი ერთ-ერთია ოთხ რეგიონს შორის, რომელთა ანექსიაც მოსკოვმა ფსევდორეფერენდუმების შემდეგ სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა.

მეორე მხრივ, უკრაინის სამაშველო სამსახურების მიხედვით, 19-მდეა გაზრდილი ადამიანთა რიცხვი, რომლებიც რუსეთის მიერ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ მასობრივ თავდასხმას შეეწირნენ.

ამავე ცნობის მიხედვით, ორშაბათს განხორციელებული დაბომბვებისას 105 ადამიანი დაშავდა. თავდასხმის ობიექტებს შორის იყო კიევის ცენტრი, ასევე, ლვოვი, ხარკოვი, დნიპრო, ზაპოროჟიე და სხვა ქალაქები.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ  უკრაინის ქალაქების დაბომბვა პასუხია ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდის აფეთქებაზე 8 ოქტომბერს, რომელშიც რუსეთი კიევს ადანაშაულებს.

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ომის არაერთი დანაშაული ჩაიდინეს და დღემდე აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას.

მთავარი ფოტო: Telegram/Олександр Старух

მასალების გადაბეჭდვის წესი