უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, 10 ოქტომბრის დილით რუსეთმა უკრაინის ქალაქებისკენ 75 რაკეტა ისროლა. თავდასხმებს გამოეხმაურა როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ისე მთავრობის წარმომადგენლები.
“ტერორისტული ქვეყანა, რუსეთის ფედერაცია, ახორციელებს მასიურ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს.
დილით აგრესორმა 75 რაკეტა გაუშვა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ მათგან 41 გაანეიტრალა.
შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ მოქალაქეების დასაცავად. თუმცა მტრის შეტევა გრძელდება. ყველას მოვუწოდებ, დარჩეს თავშესაფრებში!” — აღნიშნავს ის.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის სიტყვებით, ხსენებული რაკეტები ანადგურებენ არა უკრაინის სიმტკიცეს, არამედ თავად რუსეთის მომავალს.
“ჩვენს სიმამაცეს ტერორისტების რაკეტები ვერასდროს მოერევა, მაშინაც კი, როცა დედაქალაქის გულს უტევენ. ისინი ვერც ჩვენი მოკავშირეების სიმტკიცეს შეარყევენ.
ერთადერთი, რასაც ისინი შეუქცევადად ანადგურებენ, არის რუსეთის მომავალი — გლობალურად საზიზღარი, თაღლითი ტერორისტული სახელმწიფოს მომავალი”, — წერს იგი.
რეზნიკოვის თქმით, “რუსულ სარაკეტო ტერორზე” საუკეთესო პასუხი უკრაინისთვის ანტისაზენიტო და ანტისარაკეტო სისტემების მიწოდება იქნება.
“დაიცავით ცა უკრაინის თავზე! ეს დაიცავს ჩვენს ქალაქებს და ჩვენს ხალხს. ეს დაიცავს ევროპის მომავალს. ბოროტება უნდა დაისაჯოს”, — აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებით, ესაა უკრაინისა და მისი მოქალაქეების განადგურების მცდელობა.
“სრულმასშტაბიანი ომის 229-ე დღეს, ცდილობენ, გაგვანადგურონ და აღგვგავონ პირისაგან მიწისა. სრულად გაანადგურონ ზაპოროჟიეში, სახლში მძინარე ხალხი. მოკლან სამსახურისკენ მიმავალი ადამიანები დნიპროსა და კიევში.
არის სარაკეტო თავდასხმები. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. გთხოვთ, ნუ დატოვებთ თავშესაფრებს. გაუფრთხილდით თავებს და თქვენს საყვარელ ადამიანებს. მოდით, გავუძლოთ და ვიყოთ ძლიერნი”, — აღნიშნავს ის.
სარაკეტო თავდასხმებზე სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც წერს და აღნიშნავს, რომ “პუტინის ერთადერთი ტაქტიკა არის ტერორი უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე, მაგრამ ის ვერ გატეხს უკრაინას”.
“ეს ასევე არის მისი პასუხი ყველა დამშოშმინებლისადმი, ვისაც მასთან მშვიდობაზე საუბარი სურს: პუტინი არის ტერორისტი, რომელიც რაკეტებით საუბრობს”, — ვკითხულობთ კულებას პოსტში.
უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო თავდასხმები, თვეების განმავლობაში პირველად, 10 ოქტომბერს, დილით განხორციელდა. უკრაინული მედიასაშუალების, NV-ის თანახმად, შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი და 24 დაშავდა.
აფეთქებების შესახებ იუწყებიან სხვა ქალაქებიდანაც. მათ შორისაა ლვოვი, დნიპრო და ზაპოროჟიე.
კიევში სარაკეტო თავდასხმას 8 პირი ემსხვერპლა, 24 დაშავდა – NV
გარეკანის ფოტო: ემინე ჯაფაროვა
