ახალი ამბები

ირანში სამთავრობო ტელევიზია ხამენეის მიმართვისას, სავარაუდოდ, დაჰაკეს

10 ოქტომბერი, 2022 • 1315
ირანში სამთავრობო ტელევიზია ხამენეის მიმართვისას, სავარაუდოდ, დაჰაკეს

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის პირდაპირი ეთერი 8 ოქტომბერს, სავარაუდოდ, დაჰაკეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი ამბების გამოშვების მიმდინარეობისას, როდესაც ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის სიტყვით გამოსვლა გადიოდა ეთერში, ეკრანი დაფარა საპროტესტო ბანერმა, წარწერით: “ჩვენი ახალგაზრდების სისხლი თქვენი თითებიდან ჟონავს”.

ბანერზე ასევე გამოსახული იყო ალი ხამენეი, რომელსაც გრაფიკულ ვიდეოში ვირტუალური ცეცხლი ეკიდა, თავთან კი იარაღის სამიზნე ჰქონდა მიმართული. ამავე ბანერზე ჩანდა მაჰსა ამინისა და მიმდინარე საპროტესტო აქციებისას მოკლული სამი ქალის ფოტოები. ასევე იყო წარწერა: “შემოგვიერთდი და ხმა აიმაღლე”.

აღნიშნული ვიდეო ეთერში მხოლოდ რამდენიმე წამით გავიდა.

ავტორებმა საკუთარ თავს უწოდეს “ალის სამართლიანობა”. ჰაკერულ თავდასხმას წინ უძღოდა სულ მცირე სამი აქტივისტის მკვლელობა 8 ოქტომბერს ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე

ირანის ათეულობით ქალაქსა და დასახლებაში დემონსტრაციები ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. ის სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება, პოლიცია კი ცდილობს პროტესტი ძალადობრივი გზით ჩაახშოს, რასაც არაერთი აქტივისტის სიცოცხლე შეეწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი