ახალი ამბები

სუს-მა გორის მერიის ა(ა)იპ-ს მოქმედი და ყოფილი დირექტორები პასუხისგებაში მისცა

7 ოქტომბერი, 2022 • 956
სუს-მა გორის მერიის ა(ა)იპ-ს მოქმედი და ყოფილი დირექტორები პასუხისგებაში მისცა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მოქმედი და ყოფილი დირექტორები სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით 7 ოქტომბერს პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების თანახმად, გამოძიებით დგინდება,რომ საჯარო მოხელეები არ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას და არაეფექტურ კონტროლს უწევდნენ ორგანიზაციების სახელით განხორციელებულ ფინანსურ გადარიცხვებს, რითაც ისარგებლა ამავე უწყების ბუღალტერმა და სახელმწიფოს კუთვნილი თანხა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა.

ბუღალტერი, რომელზეც სუსი საუბრობს, მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. სუსი მაშინ აცხადებდა, რომ ბუღალტერი პირად ანგარიშებზე გადარიცხულ თანხებს ინტერნეტ ტოტალიზატორებში იყენებდა. უწყება მაშინ ამბობდა, რომ საუბარი იყო 144 985 ლარზე, თუმცა დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ შესაძლოა თანხის ოდენობის მკვეთრად გაზრდა.

7 ოქტომბრის განცხადებიდან ჩანს, რომ თანხა მართლაც გაზრდილია.

“[ბუღალტერმა] 2020 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 07 აპრილის ჩათვლით პერიოდში სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და საკუთარი საჭიროებებისათვის გამოიყენა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა – 370 479 ლარი”, — აღნიშნავს ის.

ბუღალტერს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მითვისება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ბრალდებას მოქმედი და ყოფილი დირექტორებისადმი:

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი