ახალი ამბები

მერიის ბუღალტერს, რომელიც ბიუჯეტის ფულს ტოტალიზატორში ხარჯავდა, ბრალი წარუდგინეს

14 აპრილი, 2022 •
მერიის ბუღალტერს, რომელიც ბიუჯეტის ფულს ტოტალიზატორში ხარჯავდა, ბრალი წარუდგინეს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარ ბუღალტერს, რომელიც სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

პროკურატურის ცნობით, მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მითვისება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბრალდებული აღიარებს და ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას“, – წერს პროკურატურა.

უწყება სასამართლოსგან მოითხოვს, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიბის სახით პატიმრობა შეუფარდონ.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბიუჯეტიდან, ჯამში, 143 985 ლარი მიითვისა, „თუმცა ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს“.

„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ თავის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში“, — წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება გრძელდება.

მანამდე, მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო აუდიტმა.

იმ დროისთვის უწყებისთვის ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ ბრალდებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხებს კერძო ანგარიშებზე რიცხავდა, თუმცა განცხადებაში ტოტალიზატორებზე საუბარი არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი