ახალი ამბები

უკრაინაში ომი და უბედურებაა, ვინ აიღებს სააკაშვილის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას? — ზარქუა

7 ოქტომბერი, 2022 • 903
უკრაინაში ომი და უბედურებაა, ვინ აიღებს სააკაშვილის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას? — ზარქუა

„იქ ომი და უბედურება ხდება, ვინ აიღებს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას?“ — ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა ჩვენების მისაცემად მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის მოთხოვნას.

ზარქუას თქმით, თუ სააკაშვილი მართლა სუსტად არის, უკრაინაში ტრანსპორტირება მისთვის ცუდი იქნება.

„ბოდიში, უკრაინას რატომ უნდა გადაეცეს, ვერ გავიგე… თუ ეს აუცილებლობაა, შესაბამისი ტექნოლოგიები ისე არის განვითარებული, რომ პირდაპირ ჩართონ და დაკითხონ, პრობლემა არ არის. მით უმეტეს, თუ ვამბობთ, რომ სუსტად არის და რაღაც, არ შევაწუხოთ ის ადამიანი. კლინიკაშია, სადაც მკურნალობს, გადის რეაბილიტაციას. ასე რომ, მგონია, არ უნდა შევაწუხოთ.

თვითონ პატიმრისთვის იქნება ცუდი იმიტომ, რომ სუსტად არისო, ხომ ამბობენ? ახლა უკრაინაში ტრანსპორტირება, თან იქ ომი და უბედურება ხდება, ვინ აიღებს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას?“, —განაცხადა ირაკლი ზარქუამ „მთავარ არხთან“.


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შელახვაზე მიმდინარე საქმის ფარგლებში გამოსცა განჩინება, რომელიც ეხება აღნიშნულ პროცესზე ჩვენების მისაცემად ექსპრეზიდენტის უკრაინაში გადაყვანას.

თუთბერიძე განმარტავს, რომ შესაბამისი შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა დააყენა:

„გადაყვანაზეა საუბარი. უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ბორისპოლის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გამუგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც უნდა იმსჯელოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე“, – აცხადებს ადვოკატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი