ახალი ამბები

ხერსონიდან ყირიმში გაქცეულ 13 რუს სამხედროზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა

6 ოქტომბერი, 2022 • 858
ხერსონიდან ყირიმში გაქცეულ 13 რუს სამხედროზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა

კაზაკთა რაზმ „დონის“ სამხედრო ნაწილიდან, რომელიც ანექსირებული ხერსონის ოლქში მდებარეობს, 13 რუსი სამხედრო გაიქცა, რომლებსაც თან აქვთ შეიარაღება.

როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება „მედუზა“ იტყობინება, ძებნის შესახებ გამოცხადებული ოფიციალური შეტყობინების ფოტოასლები ტელეგრამისა და ფეისბუკის საშუალებით გავრცელდა.

დოკუმენტის მიხედვით, სამხედროებმა თან წაიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ყუმბარები, ასევე, გაიტაცეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 2 ავტომობილი.

„მედუზას“ ცნობით, ბოლო მონაცემებით, სამხედროები ასევე ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე 4 ავტომობილით შევიდნენ და მათი კვალი ამის შემდეგ იკარგება.

ძებნის გამოცხადების შესახებ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ისინი ძებნილები არიან „მძიმე დანაშაულისთვის და არიან საშიშები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი