ახალი ამბები

მივაღწიეთ ზღვარს, როცა კომპანიებს უცხოეთიდან მოუწევთ მუშახელის შემოყვანა — ვეფხვაძე

6 ოქტომბერი, 2022 • 578
მივაღწიეთ ზღვარს, როცა კომპანიებს უცხოეთიდან მოუწევთ მუშახელის შემოყვანა — ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ თუკი ბაზარზე დღეს არსებული დინამიკა, მათ შორის, კადრების ქვეყნიდან გადინება, შენარჩუნდა, 2-3 წელიწადში კომპანიებს უცხო ქვეყნებიდან მოუწევთ მუშახელის შემოყვანა.

5 ოქტომბერს ტელეარხ BMG TV-ზე, გადაცემა „საქმიან დილაში“ საუბრისას ლევან ვეფხვაძემ განაცხადა:

„იმ დინამიკით, რაც დღეს გვაქვს, შეიძლება 2-3 წელიწადში სამუშაო ძალა ადგილზე აღარ გვყავდეს და დავიწყოთ ძალიან აქტიური მიგრაცია – უკვე გარედან შემოყვანა ქვეყანაში სამუშაო კადრების“.

ვეფხვაძე საუბრობს კვალიფიციური კადრების დეფიციტზე და ამბობს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის:

  • მობილობის ზრდა, რამაც კადრების მიგრაცია გამოიწვია იქ, სადაც მაღალი ხელფასებია;
  • წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიზნესისგან დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს დასაქმების პროგრამებთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში კი, მიიღო ვითარება, როდესაც პროგრამების ნაწილი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი არ არის;
  • თავად სასწავლო დაწესებულებები არა დასაქმებაზე, არამედ მიღებაზე იყვნენ ორიენტირებული.

„მობილობის პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ეს პროცესი მწვავე არ იყო, რადგან გადინება კრიტიკულ ზღვარს არ იყოს მიღწეული. დღეს შეიძლება ითქვას, რომ უკვე მივაღწიეთ იმ კრიტიკულ ზღვარს, როდესაც კომპანიები ამბობენ, რომ სამუშაო ძალის გარედან შემოყვანა უნდა დაიწყონ და ეს ქვეყნის შიგნით აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციას შექმნის“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი