ახალი ამბები

როგორ აისახება ბიზნესისთვის გაძვირებული დენი მოსახლეობაზე

30 დეკემბერი, 2020 • 1631
როგორ აისახება ბიზნესისთვის გაძვირებული დენი მოსახლეობაზე

ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება საბოლოოდ ისევ მოსახლეობაზე აისახება: ასეთია ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების მოსაზრება სემეკის მიერ გამოცხადებულ ახალ ტარიფებთან დაკავშირებით. ისინი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავენ, რომ სუბსიდირება მხოლოდ დროებითი ინსტრუმენტია ვითარების შესამსუბუქებლად და, ჯამში, გაძვირების ეფექტი მაინც იმოქმედებს როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეთა ყოფაზე.

რამდენით გაძვირდა დენი და ვის დაეხმარება მთავრობა?

2021 წლის პირველი იანვრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის, მათ შორის, ბიზნესისთვის, ელექტროენერგიის  ტარიფი 10-დან 15 თეთრამდე იზრდება. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათთვის ფასნამატი 3.5 თეთრს შეადგენს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგია უძვირდებათ როგორც “თელასის”, ასევე “ენერგო პროს” აბონენტებს. ახალი ტარიფი 6 თვის ვადით დაწესდა. ამის შემდეგ, ის კვლავ გადაიხედება.

მომხმარებელთა – მოქალაქეებისა და ბიზნესების  ნაწილს, რომელთაც ახალი წლიდან დენი უძვირდებათ, მთავრობა დახმარებას სთავაზობს, თუმცა, დროებით:

გიორგი გახარიას თქმით, 2021 წელს მთავრობა სუბსიდირებას გაუწევს ელექტროენერგიის დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. მისი თქმით, ეს იმას ნიშავს, რომ სუბსიდირება შეეხება მოქალაქეების 95% -ს.

ბიზნესებიდან  ნაწილობრივი სუბსიდირების პროგრამა მხოლოდ საკვები პროდუქტების მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებს შეეხებათ: 2021 წელს სახელმწიფო მათ 50%-ით დაუსუბსიდირებს დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ჯამში, სუბსიდირების პროგრამისთვის ბიუჯეტიდან გამოიყოფა 165 მილიონი ლარი. მისივე თქმით, ამ მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები 105 მილიონი ლარით იზრდება.

“წარმოუდგენელია, ამ ვითარებაში არ გაძვირებულიყო”

ბიზნესის სფეროში მომუშავე ადამიანები, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, არ ფიქრობენ, რომ ძველი ტარიფის შენარჩუნება შესაძლებელი იყო, მიზეზად კი სხვადასხვა გარემოებას ასახელებენ. ძირითადად ისინი ყურადღებას ამახვილებენ ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზე, რომელიც ბოლო წლებში არაერთგზის გაუარესდა.

“3 წლის წინ დაწესდა ტარიფები და ბედნიერები ვიყავით, რომ ამ ხნის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი ეცემოდა [ტარიფი არ იცვლებოდა]. ამ დროს ელექტროენერგიის 40-50% იმპორტირებული და დოლარზე მიბმული ელექტროენერგიის წილი იყო, ელექტროდისტრიბუციის კომპანიებს უგროვდებოდათ ზარალი და ეს ზარალი 3 წელიწადში ავიდა 450 მილიონზე”, – ეუბნება “ბიზნესასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე “ნეტგაზეთს”.

ვეფხვაძის თქმით, როდესაც ლარის კურსი მცურავია, მარეგულირებელმა უნდა გაითვალისწინოს ეს გარემოება და ტარიფთან მიმართებაშიც უნდა იყოს “მცურავი მიდგომები”. ის დასძენს, რომ გასული 3 წლის მანძილზე კომპანიები თავიანთ ბიუჯეტს “ჩაკეტილი ტარიფების” ფონზე გეგმავდნენ, ახლა კი ძალიან სწრაფად მოუწევთ უცებ გაძვირებულ ტარიფებზე გადაწყობა.

ვეფხვაძის აზრით, აღნიშნულის გარდა ტარიფის ზრდაზე არაერთმა ფაქტორმა იმოქმედა. მისი თქმით, ეს მიმართულება წლების მანძილზე ვერ გათავისუფლდა პოლიტიკური მდგენელისგან, რასაც ბოლო პერიოდში სხვა გარემოებებიც დაემატა, მათ შორის, პანდემიის კრიზისი და ენგურჰესზე მომავალ წელს დაგეგმილი სამუშაოები, რომელთა პირობებშიც ის რამდენიმე თვის მანძილზე მუშაობას შეაჩერებს.

ტარიფების გაძვირება მოულოდნელი არც “დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის” პრეზიდენტისთვის ყოფილა. მთავარ გარემოებად ისიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ასახელებს, ამ უკანასკნელის მიზეზად კი – არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას.

“ვფიქრობ, ეს ალბათ გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო. ჩემი ვარაუდია, რომ რადგანაც არჩევნები იყო, მოხდა თავის შეკავება. წარმოუდგენელია, [დენი] არ გაძვირებულიყო იმ ვითარებაში, როცა ელექტროენერგია და გაზიც არის იმპორტირებული და უცხოურ ვალუტაში ყიდულობენ ერთსაც და მეორესაც სადისტრიბუციო კომპანიები და შემდეგ უკვე ვყიდით ლარში. გაცილებით ადრე ველოდებოდი”, – დასძენს ივა ჭყონია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ჭყონიას თქმით, ამ ვითარების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი გაუმართავი სასამართლო სისტემაა, რაც ინვესტიციებს აფერხებს. ის ახსენებს ტურიზმის მიმართულებით ჩავარდნასაც პანდემიის კრიზისის დროს.

“ლარი არის ქვეყნის ეკონომიკის თერმომეტრი. ახლა გვაქვს სიცხე, სადღაც 38 გრადუსი”, – ამატებს ის.

“ეს ტარიფები ბოლოს ისევ მოსახლეობაზე გადავა”

ბიზნესსექტორში აღნიშნავენ იმასაც, რომ მათთვის გაზრდილი ტარიფებით, ადრე თუ გვიან, იზარალებენ მომხმარებლები – რიგითი მოქალაქეები.

“ახალი ტარიფები ბოლოს ისევ მოსახლეობაზე გადავა. საბოლოო მომხმარებელი მოსახლეობაა და ის იხდის [წარმოებული] პროდუქტის ფულსაც. მასზე გადავა ძირითადი ტვირთი.

ძირითადი პროდუქტებისა და მომსახურების ფასი შეიძლება, ახლა, მყისიერად არა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც გაიზრდება და მათი გადასახდელი იქნება, საბოლოო ჯამში”, – აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე.

მისი თქმით, ვითარება შედარებით შემსუბუქდება იმ კომპანიების მომხმარებელთა შემთხვევაში, რომელთაც სახელმწიფო ფასნამატის ნაწილს უწევს სუბსიდირებას. თუმცა აღნიშნული შეღავათიც მხოლოდ დროებითია.

იმავე აზრზეა ივა ჭყონიაც. ფიქრობს, რომ ზარალი თანაბარი იქნება ბიზნესის ყველა მიმართულებისთვის –  შესაბამისად, მათი მომხმმარებლებისთვისაც , თუმცა განსაკუთრებით რთულ ვითარებაში მწარმოებელი კომპანიები აღმოჩნდებიან:

“ყველაფერი, ჯამში, აისახება მომხმარებელზე ნეგატიურად. თითოეული ჩვენგანი, მათ შორის, ბიზნესსუბიექტში მომუშავე ადამიანები და დამფუძნებლები, საბოლოო ჯამში, ვართ სხვადასხვა ბიზნესპროდუქტის მომხმარებლები. ყველაზე ნეგატიურად აისახება”.

სუბსიდირება – ვითარების რეალური შემსუბუქება თუ ფასადური სვლა?

მთავრობის სუბსიდირების პროგრამას ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია ეწინააღმდეგება. მისი თქმით, საგარეო ვალის იმ ოდენობის პირობებში, რომელიც დღეს საქართველოს აქვს გასასტუმრებელი, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ნაბიჯი არასწორია.

“ვალი, რომელსაც ვიღებთ ჩვენ, ნიშნავს, რომ მომავალ თაობას ვახდევინებთ, ფაქტობრივად. მომავალი თაობის პოტენციური შემოსავლებიდან მოხდება ამ ვალის დაფარვა. ჩვენ, ფაქტობრივად, მომავალი თაობის შემოსავლებით ვისარგებლებთ, რათა მეტი ფასი არ გადავიხადოთ ელექტროენერგიაში”, – ამბობს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ცომაია სუბსიდირების პროგრამას პოლიტიკურ გათვლას, “უკმაყოფილების დონის ჩაცხრობის” მცდელობად განიხილავს. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ არსებული მოცემულობა უნდა აღიაროს და “იმის ნაცვლად, რომ მომავალ თაობას დააკისროს ვალის ტვირთი, უნდა უთხრას საზოგადოებას, რომ ასეთია ჩვენი ყოფა დღეს და, შესაბამისად, ამ ყოფის პირობებში უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება”.

არც “ბიზნესასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ აღნიშნულ პრაქტიკას გრძელვადიანი შედეგი ექნება, თუმცა ამ ეტაპზე სწორად მიიჩნევს საკვების მწარმოებელთათვის ფასნამატის 50%-ით სუბსიდირებას.

“ჯამში, ეს არის გათვლილი არა ბიზნესზე, არამედ მოსახლეობაზე და სწორია. ამ შემთხვევაში[სუბსიდირების პერიოდში], დენის ტარიფის გაზრდა არ აისახება საბოლოო საკვები პროდუქტის ფასზე. ამ შემთხვევაში სწორია, რომ ეს მოსახლეობას არ დააწვება კისერზე ამ ეტაპზე, კოვიდის დროს. მაგრამ მუდმივად ხომ ვერ დაიჭერ ამას? მუდმივად ხომ ვერ დაასუბსიდირებ? ეს გარკვეული პერიოდია”, – დასძენს ლევან ვეფხვაძე.

მისი თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს მაინც მოუწევს გადაწყობა ახალ ტარიფებსა და ახალ რეალობაზე.

იმის გამო, რომ სუბსიდირება გრძელვადიან სურათს ვერ ცვლის, ამ ნაბიჯს “წყალში გადაყრილ თანხას” უწოდებს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე. მისი თქმით,  რაც უნდა ვასუბსიდიროთ, დენის ტარიფი უკან არ წამოვა, ლარის კურსი უკან არ წამოვა და, შესაბამისად, ვიქნებით იმ რეალობაში, რასაც მივიღებთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი