ახალი ამბები

არ ვფიქრობ, რომ უბრალოდ სხვისი კანონის გადმოტანა სასარგებლოა – დეგნანი დეოლიგარქიზაციაზე

5 ოქტომბერი, 2022 • 459
არ ვფიქრობ, რომ უბრალოდ სხვისი კანონის გადმოტანა სასარგებლოა – დეგნანი დეოლიგარქიზაციაზე

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე,სასარგებლო არ იქნება  სხვა ქვეყანაში არსებული დეოლიგარქიზაციის კანონის გადმოღება.

ამის შესახებ მან დღეს, 5 ოქტომბერს, პარლამენტის თავმდჯომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ნებისმიერ ქვეყანაში დეოლიგარქიზაციის საკითხი გულისხმობს არასათანადო გავლენის აღმოფხვრას ქვეყნის პოლიტიკურ ან ეკონომიკურ პროცესებზე, ნებისმიერზე, ვინც ცდილობს, ზემოქმედება მოახდინოს მთავრობასა და საზოგადოებაზე ფულის ან გავლენის საშუალებით. ეს პრობლემა ბევრ ქვეყანაშია, მათ შორის ჩემს ქვეყანაშიც. სხვადახვა გზა არსებობს იმის, თუ როგორ უნდა შეამცირო

არსებობს სხვადასხვა გზა, რომლითაც ქვეყნები არასათანადო გავლენების შემცირებას ფიქრობენ. ვფიქრობ, ეს თითოეულმა ქვეყანამ უნდა განიხილოს და საკუთარ გამოსავლამდე მივიდეს. არ ვფიქრობ, რომ ყოველთვის სასარგებლოა უბრალოდ სხვისი [კანონის] გადმოღება, შენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე. თუმცა არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომელიც შეიძლება შეისწავლო და ისეთი რამ ჩამოაყალიბო, რაც საქართველოსთვის შესაფერისია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის  მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12-პუნქტიან რეკომენდაციაში ერთ-ერთია. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ამ პუნქტის შესასრულებლად უკრაინული კანონი აიღეს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ უკრაინული მოდელით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქის კატეგორიაში არ ჯდება და, შესაბამისად, მას არ შეეხება. თუმცა ოპოზიცია სწორედ ივანიშვილს მიიჩნევს ოლიგარქად.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, უკრაინული კანონის მიღების შემთხვევაში, დეოლიგარქიზაცია შეეხება ოპოზიციასთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და „ფორმულას“ დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი