ახალი ამბები

მათთან მოკავშირეობაზე მთავრობისგან დამაბნეველი გზავნილი მოდის — დეგნანი „ოცნებიდან“ წასულებზე

5 ოქტომბერი, 2022 • 661
მათთან მოკავშირეობაზე მთავრობისგან დამაბნეველი გზავნილი მოდის — დეგნანი „ოცნებიდან“ წასულებზე

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობისგან დამაბნეველი გზავნილები მოდის „ქართული ოცნებიდან“ წასულ წევრებთან თანამშრომლობაზე.

ამის შესახებ მან დღეს, 5 ოქტომბერს, პარლამენტის თავმდჯომარესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ აფასებს „ქართული ოცნებიდან“ წასულების მიერ დაფუძნებული მოძრაობის, „ხალხის ძალის“ გაფართოებასა და ამ ფონზე „ქართული ოცნების“ თანამშრომლობის გაგრძელებას.

კელი დეგნანის თქმით, 30 წელია აშშ საქართველოს ეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში.

„მე კომენტარს ვერ გავაკეთებ პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე საქართველოში. ვფიქრობ, ქართველ ხალხს შეუძლია კარგად დაინახოს, რაც აქ ხდება. ჩვენ ვთქვით, რომ მთავრობისგან დამაბნეველი გზავნილი მოდის მათთან მოკავშირეობის შესახებ, ვინც, როგორც ჩანს, ცდილობს აშშ-ის და საქართველოს შორის პარტნიორობას ძირი გამოუთხაროს და [მეორე მხრივ, გვესმის] პრემიერ-მინისტრის და სხვების განცხადებები აშშ-ისა და საქართველოს , ასევე, სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ.

მე ყოველთვის მირჩევნია, რომ ვიხელმძღვანელო ფაქტებითა და სიმართლით. არაერთი დეზინოფმრაცია და კონსპირაციული თეორია არის გავრცელებული. ფაქტია, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ ერთგულად ეხმარება საქართველოს მისი უსაფრთხოების გაძლიერებაში, მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ეხმარება ეკონომიკის განვითარებასა და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების მიერ დაფუძნებული მოძრაობა „ხალხის ძალა“ გაფართოვდა. მას დაემატნენ მმართველი პარტიის დეპუტატები, Postv-ის წამყვანები და ექსპერტები. „ქართული ოცნებიდან“ წასულები ახალი მოძრაობის შემდგომ გაფართოებას მომდევნო ორ კვირაში აანონსებენ.

„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასულმა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა დეპუტატებმა  „ოცნების“ მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდა გაააქტიურეს, რომ თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო ისჯება და ამიტომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ვერ მიიღო.  მათ არაერთი განცხადება გაავრცელეს, სადაც აშშ-ის ელჩის მიერ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე მიანიშნეს.

„ხალხის ძალის“ წევრები აცხადებენ, რომ მმართველ პარტიასთან ღირებულებითი შეუთავსებლობა არ აქვთ. მათი თქმით, პარტიისგან გამოყოფის ერთადერთი მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ მმართველი პარტია „საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიმართლის მაღალ ხარისხში თქმას ვერ ახერხებდა“.

თავის მხრივ, ყოფილ წევრებს იდეოლოგიურად არც „ქართული ოცნება“ გამიჯვნია და მათთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობაც შეინარჩუნა. ვინაიდან მათი გასვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ფრაქცია უმრავლესობას დამოუკიდებლად ვერ ინარჩუნებდა, რადგან ამისთვის არასაკმარისი – 75 დეპუტატი დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი