ახალი ამბები

რინკევიჩი: გავცდით იმ დროს, როცა დაპირება საკმარისია

5 ოქტომბერი, 2022 • 352
რინკევიჩი: გავცდით იმ დროს, როცა დაპირება საკმარისია

 EPA-EFE/TOMS KALNINSავტორი: ამერიკის ხმა/ეკა მაღალდაძე


„ჩვენ გავცდით იმ დროს, როცა დაპირებები და სლოგანები საკმარისია, რეალური ნაბიჯების, რეფორმებისა და ცვლილებების დანახვა გვსურს“, – ამბობს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.

ედგარს რინკევიჩი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს უკვე მეთერთმეტე წელია, 4 პრემიერ-მინისტრის კაბინეტში იკავებს. ქვეყნის პირველ დიპლომატობამდე რინკევიჩი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თავდაცვის სახელმწიფო მდივანი იყო.

ის იყო ერთ=ერთი ლიდერი იმ დელეგაციისაც, რომელიც ლატვიის ნატოში წევრობის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. რინკევიჩი „ამერიკის ხმას“ უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე, რუსეთის ბირთვულ მუქარაზე, „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარ აფეთქებებზე, უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიაზე და რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით მეზობელ ქვეყნებში შედინებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ესაუბრა.

– წელს, სექტემბერში, 83 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნაცისტური გერმანია პოლონეთში შეიჭრა. დღეს ევროპის მიწაზე თავდასხმის სამიზნე უკრაინაა. ამ ომის 7 თვის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, როგორ შეიცვალა უსაფრთხოების სიტუაცია და თავად უსაფრთხოების აღქმა როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ისე – მთელ ევროპაში?

– როცა საუბარი უსაფრთხოების სიტუაციას შეეხება, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრიანის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო, უსაფრთხოების სიტუაცია მთლიანად, ევროპაში დრამატულად გაუარესდა. რაც შეეხება ამის აღქმას, ევროპაში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ასევე საქართველოს, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ესმით ამ ვითარების სრული სიმძიმე. თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე გვესმის, რომ კვლავ არსებობს საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს. ერთ-ერთი ასეთი საკითხი ენერგოდამოუკიდებლობაა. მაგრამ მჯერა, რომ გარკვეული შეშფოთებების მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ ევროპული ერთიანობის შენარჩუნებას.

– დასავლეთმა სხვადასხვა სადამსჯელო ზომით უპასუხა აგრესიას, მოქმედებს სანქციები თუ სხვა შეზღუდვები, უკრაინა იარაღს და სხვა ბევრ რესურსს იღებს დასავლეთისგან. რა სჭირდება ახლა კიევს ყველაზე მეტად და რის გაკეთება შეუძლია დასავლეთს უკეთ ან უფრო მეტად?

– პასუხი ძალიან ნათელია და ყოველთვის ერთსა და იმავეს ვიმეორებ: გავუგზავნოთ მეტი იარაღი უკრაინას. ვფიქრობ, ესაა რიგით პირველი საკითხი. რაც შეეხება სანქციებს, მჯერა, კვლავ არის გზები, როგორ შეიძლება სანქციების პოლიტიკის გამკაცრება, მაგრამ პირველ ყოვლისა, ამჟამად მოქმედი სანქციების შავი ხვრელები უნდა ამოვავსოთ. მჯერა, რომ უმთავრესი პასუხი მაინც არის უკრიანისთვის მეტი იარაღის გაგზავნა. უკრაინის დახმარება სამხედრო, ფინანსური, პოლიტიკური გზებით, ლტოლვილების დახმარება და ა.შ. საჭიროა, მაგრამ ამავე დროს უკრაინის ჯარი იბრძვის და მას სჭირდება იარაღი, ნებისმიერი და ყველა ტიპის იარაღი, მძიმე ჯავშანტექნიკა, საარტილერიო სისტემები, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მათ იმდენი იარაღი, რამდენიც შეგვძლია.

– რუსეთს დასავლეთი წლებია ადანაშაულებს ენერგიის იარაღად ქცევაში და მისით მანიპულირებაში. ახლა, როცა „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორივე მილსადენი დაზიანებულია და იქიდან ბალტიის ზღვაში გაზმა გაჟონა, თქვენ მომხდარ აფეთქებებს საბოტაჟი და წინასწარ განზრახული ქმედება უწოდეთ. როგორ ფიქრობთ, რა რეაგირება უნდა ჰქონდეს ამაზე ნატოს, ევროკავშირს და როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?

– ჯერჯერობით გამოძიება გრძელდება, მაგრამ იმაზე დაყრდნობით, რა ინფორმაციაც ჩვენი შვედი, დანიელი და ფინელი კოლეგებისგან მაქვს შეგროვებული, შეგვიძლია 100 %-იანი დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს სამი აფეთქება წინასწარ განზრახული აქტი იყო. ესაა საბოტაჟი. ჩვენ გვესმის, რომ უნდა გავაძლიეროთ კრიტიკული ენერგოინფრასტრუქტურის დაცვა. იმის მიხედვით კი, ვის გამოავლენს პასუხისმგებელ მხარედ გამოძიება, ამას უნდა ვუპასუხოთ არა მხოლოდ თავდაცვითი, არამედ – შეტევითი გზითაც.

– გაზის ამ გაჟონვამდეც ევროპის ქვეყნებს რუსეთმა არაერთხელ, სხვადასხვა მიზეზით შეუმცირა ან შეუწყვიტა გაზის მიწოდება. როგორ ფიქრობთ, უკრაინისადმი დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერის მიუხედავად, კრემლი კვლავ იმედოვნებს, რომ ენერგოშანტაჟით ამ მხარდაჭერის შესუსტება შესაძლებელია? კვლავ არსებობს იმედი, რომ ამ მეთოდმა თავის თავი ჯერაც არ ამოწურა?

– ძალიან ძნელია იმის თქმა, რას ფიქრობენ ისინი, რადგან მათი გონება სრულიად განსხვავებულადაა მოწყობილი. ის, რაც ჩვენი აზრით შეუძლებელია, მათთვის სწორედაც რომ შესაბამისი საქციელია. მე მჯერა, რომ ენერგიას რუსეთი იყენებს იარაღად და ეს 2006 წლიდანვე აშკარა იყო. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთსა და ბელარუსს იარაღად თითქმის ყველაფრის გამოყენება შეუძლიათ – იქნება ეს ენერგია, მიგრაცია, ციფრული პროპაგანდა თუ სხვა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ისინი ეცდებიან გააკეთონ ძალიან ბევრი საძაგელი რამ იმისთვის, რომ გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე და ჩვენი ცხოვრების წესზე. რა თქმა უნდა, ზამთარი [ამისთვის] ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ნამდვილად კვლავ არსებობს მოლოდინი, რომ ისინი გამოიყენებენ პროპაგანდასაც სხვა ენერგოთავდასხმებთან ერთად ევროპის წინაღმდეგ. ეს იმისთვის, რომ როგორმე ევროპის ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრი მათ სასარგებლოდ შეცვალონ. ვეჭვობ, ეს სტრატეგია წარმატებული გამოდგეს.

ვფიქრობ, მათ თებერვალსა და მარტში არასათანადოდ, არასაკმარისად შეაფასეს ევროპის სიმტკიცე და ერთიანობა, არასაკმარისად შეაფასეს უკრაინელების სურვილი და მზაობა, რომ ებრძოლათ. მათ ზედმეტად შეაფასეს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობებიც. ვფიქრობ, მათი არასწორი გათვლების სია ძალიან გრძელია.

სამწუხაროდ, ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ პუტინი და კრემლი კვლავ ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ ამის მოგება, მათ არ ადარდებთ, რამდენი უდანაშაულო უკრიანელი მოქალაქე ან რუსი ჯარისკაცი დაიღუპება. მათ არ ადარდებთ ამ ყველაფრის ეკონომიკური ფასიც საკუთარი თავისთვის. აქ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ორი გზა: პირველი, იარაღის მიწოდება უკრიაინისთვის და მეორე: ჩვენი საკუთარი სიმტკიცე კრემლის წინააღმდეგ, ენერგოგამძლეობა, ინფორმაციული გამძლეობა, პოლიტიკური სიმტკიცე და ჩვენივე აუცილებელი სამხედრო გაძლიერება იმისთვის, რომ საკუთარი თავი დავიცვათ.

– რუსეთმა გადადგა უკვე საჭირო ნაბიჯები იმისთვის, რომ ფორმალურად მოახდინოს ოკუპირებული რეგიონების ანექსია და დამატებით გაამწვავოს ურთიერთობა დასავლეთთან და დაემუქროს მას „საკუთარ ტერიტორიაზე თავდაცვის სამართლებრივი უფლებით“. ისევე, როგორც ამისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობით. არ წყდება თავდასხმები ატომურ ელექტროსადგურზეც. როგორ ფიქრობთ, რატომ დგამს ამ ნაბიჯებს სწორედ ახლა? ხომ არ არის ეს უკრაინის წარმატებული კონტრშეტევით ნაკარნახევი ნაბიჯები? ან ხომ არ გადავდივართ ომის ახალ, უფრო საშიშ ფაზაში?

– ვფიქრობ, ეს ომი თავიდანვე საშიში იყო ყველასთვის. გულწრფელად რომ გითხრათ, მჯერა, რომ ეს ნაჩქარევი, ყალბი რეფერენდუმი, უკრაინის ნაწილების რუსეთთან მიერთების ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ის, რასაც ზოგიერთი ადგილობრივი ან რუსეთის მიერ გაგზავნილი ბანდიტი ითხოვს, აჩვენებს, რომ რუსეთს ეშინია უკრაინის შეტევის, წარმატების. მას ახლა ესმის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებულნი იქნებიან, როგორც ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში, და მაშინ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც გაათავისუფლებენ. ამის შემდეგ კი ის ვეღარასდროს შეძლებს ამ ტერიტორიებზე პრეტენზიის გამოთქმას. რაც ყველაზე მეტად გამაოგნებელია, ისაა, რომ იმ ტერიტორიაზეც აცხადებენ პრეტენზიას, რომელსაც არ აკონტროლებენ.

ეს რეფერენდუმები უკრაინის რამდენიმე რეგიონში იმის გამო ჩატარდა, რომ რუსეთმა „იყნოსა“, რომ ის კარგავს ამ ტერიტორიებს კვლავ უკრაინის სასარგებლოდ და უკრაინა წარმატებით ათავისუფლებს მათ. მეორეც, ვფიქრობ, მათ არ ეშინიათ დასავლეთთან უფრო მეტი ესკალაციის. არ გამოვრიცხავდი იმასაც, რომ ვიღაც კრემლში მართლაც განიხილავს რაიმე ტიპის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში გზავნილი ნათელი უნდა იყოს: მაშინ ჩვენი, დასავლეთის მხრიდანაც, ყველა ვარიანტი შესაძლებელი იქნება. რადგან თუკი 21-ე საუკუნეში ვინმე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს უკრაინაში გამოიყენებს, რატომ უნდა იყოს ვინმე დარწმუნებული ნატოსა და ევროკავშირში, რომ შემდეგი სამიზნე ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყანა არ გახდება და ეს უკვე სრულმასშტაბიანი ბირთვული ომი არ იქნება? ეს არის ის, რაზეც ძალიან მკაცრი პასუხის მომხრე ვიქნებოდი და მოვუწოდებდი სხვებსაც… არ მჯერა, რომ სანქციები ან კიდევ ერთი რაუნდი სანქციებისა არის შესაბამისი პასუხი.

ასევე, ჩვენ ვსაუბრობთ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე, მაგრამ მოდით, არ დაგვავიწყდეს ქიმიური იარაღიც. ესეც შესალებელია. ჩვენ სირიაში მისი გამოყენება რამდენჯერმე ვიხილეთ. ასე რომ, რუსეთი საშიში ქვეყანაა და ის მკაფიო საფრთხეა დღევანდელი მსოფლიოსთვის.

– ლატვია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსი ტურისტების ევროპაში მოგზაურობის უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და თქვა, რომ ომის პარალელურად მათი მოგზაურობა გაუმართლებელი იყო. რამდენიმე ევროპელი ლიდერი ამბობდა, რომ სრული სავიზო აკრძალვა „რუსი ხალხის გულებისა და გონებისთვის ბრძოლას“ სამუდამოდ დააკარგვინებდა დასავლეთს და ამავე დროს ხელს შეუშლიდა მათ, ვინც რეჟიმისგან რეალურ საფრთხეს გაურბის. ახლა ტურისტების გარდა, მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ბევრი ის მამაკაციც გარბის, ვინც ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციისთვის თავის არიდებას ცდილობს. რა საფრთხეს შეიძლება ეს შეიცავდეს ლატვიისთვის, რომელმაც მათ მიღებაზე უარი თქვა და მაგალითად, საქართველოსთვის?

– მე ძალიან ბევრი ვიდეო და ფოტო ვნახე რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან და თავად საქართველოდან, ვწუხვარ, მაგრამ ეს კადრები მრავლისმთქმელია. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, უკვე არის უსაფრთხოების რისკი. ეს არის კონტრდაზვერვის რისკები. ეს არის პენეტრაციის რისკები არა მხოლოდ იმ ხალხისგან, ვინც გარბის, არამედ იმ ხალხისგანაც, ვინც შეიძლება შემდგომი ფარული ოიპერაციებისთვის იყოს გამოყენებული.

ამ თვალთახედვით, ეს არის უსაფრთხოების ის მნიშვნელოვანი რისკი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ამიტომ ლატვიაში გვჯერა, რომ რუსეთიდან მხოლოდ სამხედრო მობილიზაციის გამო გაქცევა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თავშესაფარი გავცეთ. შენ ასევე უნდა დაამტკიცო, რომ რეჟიმის წინააღმდეგ იყავი მანამდეც, სანამ ჯარში გაწვევა დაიწყებოდა. რა სიურპრიზია?! ახლა, ყველა ომის მოწინააღმდეგეა. როცა მათ ადგილობრივ სამხედრო პუნქტში ომში წასასვლელად დარეგისტრირებაა საჭირო. შემიძლია სანაძლეოც კი დავდო, რომ ბევრი მათგანი, ვინც ახლა გარბის, ყველა არა, მაგრამ ბევრი, სულ რამდენიმე კვირის წინ წერდა, რომ უკრაინელები უნდა ამოწყდნენ, რომ რუსეთმა უნდა გაიმარჯვოს, რომ უკრაინა უნდა აღიგავოს რუკიდან. და უცებ, ყველა ომის უდიდესი მოწინააღმდეგე მშვიდობისა და უსაფრთხოების მომხრე პატრიოტია.

ეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არგუმენტია, ახლა კი, რაც შეეხება მორალს: პირველ ყოვლისა, რუსი „ხალხის გულები და გონება“, – როგორც გამოკითხვები აჩვენებს, – არის ვლადიმირ პუტინთან. შეიძლება ვიდავოთ, რამდენია ეს -54 %, 69%, 95% თუ მთელი მოსახლეობა, მაგრამ ის არ არის ვაშინგტონისკენ, რიგისა თუ ბრიუსელისკენ მიმართული – ლიბერალური დემოკრატიისა თუ ნებისმიერი ასეთი ღირებულებისკენ. ამ მხრივ, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება დაკარგო ის, რასაც არასდროს ფლობდი და შემდეგ რამდენად მორალურია ის, რომ შემოუშვა ეს ხალხი, გინდაც მათ ნამდვილ სენტიმენტებში არ ვიყოთ დარწმუნებული, მაშინ, როცა უკრაინელები კვლავ იბრძვიან და კვლავ იხოცებიან.

ბევრი დასავლელი ჟურნალისტი მეკითხება ამას, იმ დაშვებით, რომ თუკი რუსები გაეცნობიან ლატვიური, ბელგიური თუ ფრანგული დემოკრატიისა და ცხოვრების წესს, შემდეგ ისინი დაბრუნდებიან რუსეთში და შეცვლიან ქვეყანას. დიახ, ჩვენ ამას 30 წლის განმავლობაში ვაკეთებდით. მილიონობით რუსი ჩამოდიოდა ევროპაში დასასვენებლად, ბიზნესისთვის თუ სასწავლებლად და შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ და დიახ, რუსეთი შეიცვალა, შეიცვალა უარესობისკენ. ასე რომ, ეს არგუმენტიც ჩემთვის გამოუსადეგარია. ეს ომია და, ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა ისე, რომ თითქოს არჩევანი დგას, როგორ გარდავქმნათ რუსეთი, არამედ ერთადერთი არჩევანი არის ის, თუ როგორ დავამარცხოთ რუსეთი. და ეს არის ის ერთ-ერთი ზომა იმისა, თუ როგორ დავამარცხოთ რუსეთი.

– მაშინ, როდესაც ლატვია ნატოს წევრი უნდა გამხდარიყო, მოლაპარაკებების დელეგაციის ერთ-ერთი ლიდერი იყავით და თავდაცვის მდივნის პოსტსაც იკავებდით. მაშინ, როცა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა იცვლება, ისტორიულად ნეიტრალური ქვეყნები სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს უერთდებიან, საქართველოს 20 % კი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. როგორ ფიქრობთ, როგორ იცვლება საქართველოსთვის უსაფრთხოების რისკები და რა დახმარება შეიძლება მას სჭირდებოდეს ნატოსგან?

– ვფიქრობ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები ძალიან ნათელია, ესაა ამდენი რუსის შემოსვლა. შესაძლოა ეს არაა სამხედრო რისკი, მაგრამ [დანამდვილებით] არასდროს ვიცით. მეორეც, მე ამგვარ შეკითხვებს ხშირად მისვამენ და მესმის, რატომაც. მაგრამ არ შემიძლია ვუპასუხო ქართველ, უკრაინელ თუ მოლდოველ ჟურნალისტებს იმაზე, რაც ვერ მეცოდინება. მთავრობა, რომელსაც მართლაც ესმის, რა დახმარება სჭირდება ნატოსგან ან ევროკავშირისგან, ეს საქართველოს, უკრაინის თუ მოლდოვის მთავრობაა.

დიახ, არსებობს გარკვეული პრობლემები და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ წლების განმავლობაში ისინი [მოკავშირეები] ვერ თანხმდებიან [საქართველოსთვის] წევრობის სამოქმედო გეგმაზე – MAP-ზე, რადგან ალიანსში ამის შესახებ კონსენსუსი არ არსებობს. საქართველოსთვის ძალიან ბევრი ინსტრუმენტი იყო შემუშავებული, რომ ვფიქრობ, ბევრი შესაძლებლობაა იმისა, რომ ამ შემოთავაზებებიდან ყველაზე მისაღები აირჩიოთ.

როცა საუბარია ევროკავშირზე, თქვენ იცით, რომ არის განსხვავება: მოლდოვა და უკრაინა გახდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატები, საქართველომ კი ევროპული პერსპექტივა მიიღო. ვფიქრობ, რომ იმ პრიორიტეტების სია, რომელთა შესრულებასაც ევროკავშირი საქართველოსგან მოელის მანამ, სანამ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ძალიან მკაფიოა. ჩვენ გავცდით იმ სიტუაციას, როცა დაპირებები ან სლოგანები საკმარისია, ყველას სურს რეალური ნაბიჯების, რეფორმებისა და ცვლილებების დანახვა.

მე გაეროს ასამბლეის ფარგლებში ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრს და მოკლედ ვესაუბრე პრემიერ-მინისტრსაც და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი გზავნილი ძალიან ნათელია: ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ რეფორმებს, ამ ცვლილებებს, დავეხმაროთ უსაფრთხოების კუთხით, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენია: რა გსურთ. რამდენად სწრაფად გსურთ ეს და რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ეს მიიღოთ.

– ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთში ჩავიდა. ბელარუსს ოფიციალურად არ აქვს აღიარებული ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა, მთავრობამ გამოიძახა ელჩი კონსულტაციებისთვის, თუმცა ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები უფრო მკაცრ რეაგირებას ითხოვენ. როგორ ფიქრობთ, რა როლი შეიძლება მას ჰქონოდა, რა გზავნილია მისი ვიზიტი კრემლისგან საქართველოსთვის? რა რეაგირება იქნებოდა მოსალოდნელი ან სასურველი იმ ქვეყნისგან, რომლის ტერიტორიის 20 %-იც ოკუპირებულია?

– რა იქნებოდა სასურველი ან კარგი საქართველოსთვის, ეს საქართველოს მოსახლეობის და მისი მთავრობის გადასაწყვეტია და მე არ შემიძლია ვურჩიო ან ჩავერიო სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. მაგრამ ჩვენთვის, უკვე რამდენიმე თვე და წელია, რუსეთი და ბელარუსი არსებითად ერთი ქვეყანაა, ერთი სამხედრო დანაყოფი. ბელარუსის ტერიტორიას [რუსეთი] იყენებს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმისთვის და საჰაერო იერიშებისთვის. იქ იგეგმება, სად წავიდნენ და როოგრ დაბომბონ უკრაინული ქალაქები.

ჩემთვის გასაკვირი არაა, რომ ბატონი ლუკაშენკო ახლა სტუმრობს აფხაზეთს, საქართველოს ნაწილს, და აკეთებს საკმაოდ საინტერესო განცხადებებს. მაგრამ ჩვენ არ ვცნობთ ბატონი ლუკაშენკოს ლეგიტიმურობას. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ის ბელარუსის პრეზიდენტია. და ამ გადმოსახედიდან ჩემი პასუხი იქნებოდა: მოქალაქე ლუკაშენკო ეწვია სხვა ქვეყნის ნაწილს და თუკი ეს სხვა ქვეყანა არაა კმაყოფილი ბედნიერი ამ ფაქტით, ამ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა შესაბამისი ნაბიჯი გადადგას.

ვფიქრობ, რომ რუსეთი და ბელარუსი რეალურად ერთი ქვეყანაა და ამგვარი ნაბიჯი მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ბატონი პუტინი ბატონ ლუკაშენკოს სრულად აკონტროლებს და ის აკეთებს იმას, რასაც პუტინი უბრძანებს. ასე რომ, ის არაა დამოუკიდებელი მოთამაშე. ჩემთვის ძალიან მარტივია ვთქვა: ის არის უბრალოდ ერთი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სხვა ქვეყანაში ჩადის. ის არაა სუვერენული ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი. მაგრამ ეს ქართველების გადასაწყვეტია, როგორ უპასუხებთ ამას.

– ლატვიის პარლამენტმა აგვისტოში რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა. ამის უმთავრესი მიზეზი კი უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინასწარ განზრახულ მიზანში ამოღება იყო და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, მიებაძათ ამ მაგალითისთვის. რას ნიშნავს ეს დეკლარაცია დიპლომატიურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად? რას ცვლის, რა გზავნილია? რატომ იყო აუცილებელი მისი მიღება და რატომ უნდა მოგბაძონ სხვებმაც?

– პარლამენტის წევრებს სჯერათ, რომ რუსეთის ქმედება, უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრა და ეს საშინელებები და გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ: ომის პატიმართა წამება, ბუჩა და ირპინი, ეს მაგალითები, რაც ვნახეთ, რუსეთის მუქარის რიტორიკა მსოფლიოს, ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, მათ შორის ბირთვული იარაღით მუქარა, არის ისეთი, როგორც ტერორისტები მოქმედებენ.

მეორე მხრივ, ლატვიური თუ ევროპული კანონმდებლობით, ვიღაცის გამოცხადება ტერორიზმის სპონსორად არ იწვევს სამართლებრივ შედეგებს. მაგრამ პოლიტიკურად ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ლატვიელი ხალხი რუსეთზე. მეორეც, ეს პირველი ნაბიჯებია და გვჯერა, რომ ასევე უნდა ვიმუშაოთ ევროპის მასშტაბით იმაზე, რომ გავატაროთ მეტი სადამსჯელო ზომა რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ევროკავშირში შედიან. ჩვენ ასევე უნდა წავიწიოთ წინ რუსეთის მთავრობისადმი ქონების ჩამორთმევის მიმართულებითაც, რომელიც ომის დაწყების შემდეგ გაყინულია და ამ ქონებით უკრაინის რეკონსტრუქციის ძალისხმევა დავაფინანსოთ.

ასე რომ, მართალია, ამ პოლიტიკურ დეკლარაციას არ მოჰყვება კონკრეტული სამართლებრივი შედეგები, მაგრამ ის ასევე გზას უხსნის და მოუწოდებს ამერიკასა და ევროკავშირის ქვეყნებს, რომ მიიღონ მსგავსი დეკლარაციები, რადგან ამერიკაში ეს ძალიან დეტალურ სამართლებრივ პროცედურებსაც გამოიწვევს. ევროპაში კი ეს უფრო პოლიტიკური საკითხია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი