ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ-ის ფაქტორი სამხრეთ კავკასიაში – გარდამტეხი მომენტი სომხეთისთვის

4 ოქტომბერი, 2022 • 1814
აშშ-ის ფაქტორი სამხრეთ კავკასიაში – გარდამტეხი მომენტი სომხეთისთვის

ავტორი: კონსტანტინე ღაზარიანი, ერევანი


ერევანი. ამერიკული დროშები, დემონსტრაციები ОДКБ-დან [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია – NATO-ს რუსული ალტერნატივა] გამოსვლის მოთხოვნით და აშშ-ის დელეგაციის დახვედრა აეროპორტში: 17 სექტემბერს, სომხეთის ქალაქებზე აზერბაიჯანის თავდასხმიდან მალევე, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ორდღიანი ვიზიტით ერევანს ესტუმრა. ნენსი პელოსის ვიზიტის შედეგები და მომხდარზე მსოფლიო საზოგადოების რეაქცია აჩვენებს, რომ ამ ვიზიტს სომხეთისთვის მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა არ ჰქონია.

ომი უკრაინაში და კავკასიის მიმართ ინტერესები ახალ რეალობას ქმნის კავკასიისთვის: რუსეთი სულ უფრო მეტ გავლენას კარგავს კავკასიაზე და ფორმალურ მოკავშირეებზე უარს ამბობს. სიტუაცია კავკასიაში 2020 წლის შემდეგ აჩვენებს, რომ რუსეთი არ წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტს სომხეთისთვის, როგორც ამას მრავალი დასავლური მედიაც წარმოაჩენდა.

ძველი ნარატივი იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზა საკმარისად შეაკავებს აზერბაიჯანს, რყევას განიცდის. სომხეთში პრორუსულ ძალებსაც არგუმენტები ეწურებათ. ისინი ვეღარ პოულობენ რუსეთის ხელისუფლებისა და რუსული მედიის პროაზერბაიჯანული პოზიციის ახსნას. ცდილობენ გაამართლონ ОДКБ-ს უმოქმედობა სუსტი არგუმენტებით [თითქოს, თავად დახმარების მოთხოვნა იყო არასწორად ფორმულირებული]. თუმცა ცხადია, რომ რუსეთი 2020 წლის შემდეგ სომხეთს მნიშვნელოვანი შეიარაღებით აღარ დახმარებია.

რუსულ პოლიტიკაში პარადიგმა უფრო ადრე, 2016 წელს შეიცვალა. 2016 წლიდან რუსეთის ფედერაციასა და სომხეთს შორის არცერთი სამხედრო სახის კონტრაქტი არ ხელმოწერილა. არგუმენტი იმის შესახებ, რომ რუსეთს, სურვილის მიუხედავად, უკრიანის ომის გამო არ შეუძლია სომხეთის დახმარება, ყალბია ორი მიზეზით: რუსეთმა არ გაუწია არც სამხედრო, არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური დახმარება არც 2020 წლის ყარაბაღის ომის დროს და არც 2021 წელს სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმის დროს. მაშინ რუსეთი ჯერ კიდევ არ იყო უკრაინის ომში ჩაბმული.

დახმარების მიღების მიზნით სომხეთის ორივე მიმართვა რუსეთისადმი და ОДКБ-სადმი რეაგირების გარეშე დარჩა. საფრანგეთისა და აშშ-სგან განსხვავებით, ОДКБ-მ ვერც დაადგინა, რომ აზერბაიჯანი დაესხა თავს სომხეთის ტერიტორიას.

ასევე ცნობილია, რომ სომხეთმა რუსეთს რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღი შეუკვეთა, გადაიხადა შეკვეთის ღირებულებაც, თუმცა იარაღი ასეც არ იყო მოწოდებული. იმ დროს, როდესაც ზოგიერთი ევროპული მედია, განსაკუთრებით გერმანული, მუდმივად აპელირებენ სომხეთსა და რუსეთს შორის კავშირზე, მათ ავიწყდებათ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი 2022 წლის 22 თებერვალს მოეწერა, უკრაინის ომამდე ცოტა ხნით ადრე.

სომხეთის მიმართ რუსეთის დიპლომატიური, პოლიტიკური და სამხედრო დახმარების კუთხით რეაქცია საგონებელში აგდებს ბევრ სომეხ ანალიტიკოსს, რომელთაც ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ რუსეთი დახმარების ხელს გაუწვდიდა სომხეთს კრიტიკულ სიტუაციაში. თუმცა რუსული მედიაც და გაეროს უშიშიროების საბჭოში რუსული წარმომადგენლობაც მხოლოდ აზერბაიჯანულ ნარატივებს მოემსახურა. რუსული მედია ირწმუნებოდა, რომ არ იცის, ზუსტად რა ტერიტორიაზე გაუხსნეს ცეცხლი სომხეთს და ვერც იმას იტყვის ზუსტად, რა კონტექსტში მოხდა კონფლიქტი. გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთი ერთადერთი მუდმივი წევრი იყო, რომელმაც აზერბაიჯანის თავდასხმა არ დაგმო. რუსეთმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანულ ვერსიას იმის თაობაზე, რომ სასაზღვრო კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას.

რუსეთის ამგვარი პოზიციის სამი ძირითადი მიზეზი არსებობს: რუსეთს საერთო ინტერესები აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან მეღრის დერეფნის გახსნის საკითხში. მეღრის დერეფანი გამოიწვევს ირანის იზოლაციას სომხეთისგან, საქართველოსგან და ევროკავშირისგან. მეტიც, რუსეთისთვის თურქეთ-აზერბაიჯანის ორაზროვანი პოზიცია უკრაინის ომში მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ არ აღმოჩნდეს სრულ იზოლაციაში. დაბოლოს, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია: რუსეთი დასუსტებულია კავკასიაში და ჰეგემონური სახელმწიფოს ფუნქციებს ვეღარ ასრულებს.

აშშ-ის ინტერესები კავკასიაში ახალ შესაძლებლობებს ქმნის

რეგიონში ინტერესები აშშ-საც აქვს: რუსეთის დასუსტების პირობებში აშშ ცდილობს აღადგინოს საკუთარი გავლენები სხვადასხვა რეგიონში პროაქტიული პოლიტიკის მეშვეობით. ერთი მხრივ, სომხეთს მნიშვნელოვანი სტრატეგიული გეოგრაფიული მდგომარეობა აქვს, როგორც ირანის, თურქეთისა და რუსეთის მეზობელს, მეორე მხრივ კი, სომხეთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა ირანსა და ევროპას შორის იმისთვის, რომ ეროკავშირი და, შესაბამისად, დასავლეთი რუსული ბუნებრივ აირზე ნაკლებად დამოკიდებელი იყოს.

დაბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი ინტერესი: ვხედავთ, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის სიტუაცია უკანასკნელ წლებში რთულდება. თურქეთი სულ უფრო არასანდო პარტნიორი ხდება აშშ-სთვის. რუსეთისგან იარაღის ყიდვა, რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობა, სამხედრო რიტორიკა, საბერძნეთის წინააღმდეგ შეიარაღების გაზრდა და აზიის რეგიონში გავლენების ზრდა ერთ-ერთი ფაქტორია ამერიკის უკმაყოფილებისა. გარდა ამისა, თურქეთი სულ უფრო მეტად კარგავს აშშ-სთვის გეოსტრატეგიული ქვეყნის მნიშვნელობას.

აშშ-ის და საფრანგეთის სამხედრო პოლიტიკური პოზიცია აჩვენებს, რომ თურქეთის ჩანაცვლება შესაძლებელია. საბერძნეთის შეიარაღება, საბერძნეთში სამხედრო ბაზების გადაგზავნა, კვიპროსის სამომავლო შეიარაღება, საბერძნეთ-საფრანგეთის სამხედრო სწავლებები ეგეოსის ზღვაში თურქეთის მიმართ საფრანგეთისა და აშშ-ის პარადიგმის ცვლილებას მოწმობს.

პელოსის ვიზიტი – სიგნალი ერევნისთვის

სომხეთში პელოსის ვიზიტი, ერთი მხრივ, აჩვენებს, რომ არსებობს აშშ-ის მხრიდან სიგნალები, მეორე მხრივ კი აჩვენებს სიგნალებს სომხეთის მხრიდან: აშშ-მა აზერბაიჯანული აგრესია არაერთხელ და მკაფიოდ დაგმო. ის არგუმენტი, რომ პროსომხური პოზიცია შეიძლება დაკავშირებული იყოს კალიფორნიაში საარჩევნო კამპანიასთან, სინამდვილეს არ შეესაბამება. პირველ რიგში, იმიტომ, რომ სომხების წილი აშშ-ის საერთო მოსახლეობაში ძალიან მცირეა, მიუხედავად სომხური მოსახლეობის დიდი რაოდენობისა. მეორე – აშშ-ის განცხადებები საკმაოდ ცალსახაა. მეტიც, აგრესია დაგმეს არა მხოლოდ ისეთმა ფიგურამ, როგორიცაა, ნენსი პელოსი, არამედ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც, რომელიც საარჩევნო კამპანიას არ ატარებს.

ადამიანებმა, რომლებიც პოლიტიკით არიან დაკავებული და წერენ გამოსვლის ტექსტებს, მშვენივრად იციან, რომ აშშ-ის მხრიდან აზერბაიჯანის დაგმობის ფორმულირება უფრო რბილადაც შეიძლებოდა. აშშ-მა აზერბაიჯანს უწოდა აგრესორი, დაგმო სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმა და აზერბაიჯანს პოზიციების დატოვებისკენ მოუწოდა. ეს ცალსახა ფორმულირება მოწმობს იმას, რომ აშშ ერევანს მკაფიო სიგნალებს უგზავნის.

ნენსი პელოსიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არა მხოლოდ საკუთარი მხარდაჭერა ეჩვენებინა, არამედ პრაქტიკულად, სომხეთი უკრაინას შეადარა. მაღალჩინოსანმა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელებში დაწერა: “დღეს მსოფლიო აშშ-დან უკრაინამდე, ტაივანიდან სომხეთამდე, დგას დემოკრატიისა და ავტოკრატიის არჩევანს შორის და ჩვენ კვლავ დემოკრატია უნდა ავირჩიოთ”.

იმის მიუხედავად, რომ მისი ვიზიტი ადრევე იყო დაგეგმილი, აშშ-ს შეეძლო მისი გაუქმება შექმნილი სიტუაციის მოტივით, ან თუნდაც კავკასიის ორ ან სამივე რესპუბლიკაში ჩასვლა. თუმცა ნენსი პელოსი მხოლოდ სომხეთში ჩავიდა იმისთვის, რომ მკაფიო სიგნალი გაეგზავნა თურქეთისთვის, აზერბაიჯანისა და განსაკუთრებით, სომხეთისთვის.

პარალელურად, შეიცვალა სომხეთის რიტორიკა ОДКБ-ს და რუსეთის მიმართ. თუკი ადრე ეს რიტორიკა იყო თავშეკავებული, ახლა მხოლოდ რამდენიმე სომეხმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ უკმაყოფილო არიან ОДКБ-ს რეაქციით. დანარჩენმა პოლიტიკურმა ლანდშაფტმა კი კონფლიქტში რუსეთის როლი მკაფიოდ გააკრიტიკა. ამ რიტორიკით სომხეთის ხელისუფლებამ პარადიგმის შეცვლა და საკუთარ მზაობაზე ვაშინგტონისთვის სიგნალების გაგზავნა დაიწყო.

დილემა ОДКБ -ს გარშემო და უსაფრთხოების გარანტიების დივერსიფიკაცია

სომხეთისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად ამ დრომდე რჩება შემდეგი: ის მზად არის უფუნქციო ОДКБ- დან გამოსვლაზე, თუმცა მას სჭირდება უსაფრთხოების ალტერნატიული გარანტიები. აშშ–ს ესმის სიტუაცია, მაგრამ ვერ დაეხმარება ОДКБ-ს წევრ ქვეყანას შეიარაღებით. ზედმეტი ოპტიმიზმის გარეშე, პელოსის ვიზიტის სიგნალები და შემდეგი ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ სომხეთი იწყებს პოლიტიკური კურსის შეცვლას და აშშ მზადაა ამ კურსს მხარი დაუჭიროს. შეუძლებელია თქვა, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მხარეებს შორის უკვე არსებობს აბსტრაქტული საგზაო რუკის მონახაზი.

პელოსის ვიზიტის შემდეგ კი მესიჯები უფრო მკაფიო გახდა: რუსი მაღალჩნოსნები აზერბაიჯანს ეწვივნენ. იქამდე რამდენიმე დღით ადრე ალიევი, ერდოღანი, ლუკაშენკო და პუტინი ერთმანეთს სამარყანდში [უზბეკეთი] შეხვდნენ. პარალელურად აშშ-სგან ორი სიგნალი გაიგზავნა: კვიპროსის სამომავლო შეიარაღება, რაც თურქეთის აშკარა გაფრთხილებაა; ასევე, აზერბაიჯანის აგრესიის დაგმობის საკითხში ორპარტიული კონსენსუსი და აზერბაიჯანის სამხედრო დაფინანსების შეჩერება. დღესდღეობით ეს ყველაზე ეფექტური და ძლიერი საშუალებებია, რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ვინმეს გამოუყენებია.

აშშ-მა კიდევ ერთხელ გააგებინა, რომ მზადაა ისაუბროს იარაღის მიწოდებაზე, თუმცა ეს ვერ მოხდება დღევანდელ ფორმატში. საქმე შეეხება ОДКБ -ს წევრობას. სომხეთმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დაიწყებს ОДКБ-ს წევრობის ანალიზის პროცესს. ამასთან, ამჯერად სომხეთი არ მონაწილეობდა ОДКБ- ს სწვლებაში და სომეხი მაღალჩინოსნები არ შეხვედრიან ერევანში ОДКБ -ს გენერალურ მდივანს. ნაცვლად ამისა, ისინი ჩავიდნენ ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, შემდეგ კი შეხვდნენ ამერიკის პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და ასევე, პარიზში – საფრანგეთის პრეზიდენტს.

სომხეთის აქტიურობა დასავლეთის, განსაკუთრებით, საფრანგეთის, აშშ-ის, საბერძნეთისა და კვიპროსის მიმართ ფაქტად რჩება. შეხვედრები ამ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს [მაგალითად, საფრანგეთი და სომხეთი] და საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის [საბერძნეთი და სომხეთი], აჩვენებს, რომ ისინი ამინდზე სალაპარაკოდ ნამდვილად არ შეხვედრიან.

ალბანური სცენარი სომხეთისთვის შესაძლო გამოსავალია

სომხეთი ისევ საფრთხის წინაშე რჩება, თუმცა საგარეო პოლიტიკური მრავალვექტორობა და ფრონტების გამწვავება დასავლეთსა და რუსეთს შორის, ასევე აშშ-ის და საფრანგეთის გააქტიურება, მსუბუქი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

სომხეთის უსაფრთხოების დე ფაქტო გარანტია აშშ-ის მხრიდან სერიოზული პერსპექტივა შეიძლება გახდეს საქართველოსთვისაც, რადგანაც რეგიონში ამერიკის როლის გაზრდა ბოლომდე თანხვედრაშია საქართველოს ინტერესთანაც.

მიმდინარე სიტუაცია, გარკვეული კუთხით, ალბანეთსა და აშშ-ს შორის სიტუაციას ჰგავს. იმ დროს, როდესაც სერბეთი და რუსეთი კარგავდნენ მსოფლიო პოლიტიკაში გავლენას, აშშ-მა ალბანეთს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზა და რეგიონში ყველაზე ახლო მოკავშირეც შეიძინა.

ეს კი ზუსტად ის სცენარია, რისიც ეშინია ბაქოს, რომელიც არ ელოდა დასავლეთის მსგავს რეაქციას და ძალიან არის დაინტერესებული იმით, თუ რის შესახებ ისაუბრეს სომხეთის და აშშ-ის მხარეებმა დახურულ კარს მიღმა. როგორც ჩანს, დიპლომატიის კუთხით, გრძელვადიან პერსპექტივაში ალიევს გაუჭირდება.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი