“აზოვსტალის მცველებს” უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა, ქვეყნის პრეზიდენტის სახელით უკრაინის გმირების წოდება მიანიჭა და “ოქროს ვარსკვლავის” ორდენები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ერმაკმა ორდენები “აზოვსტალის” ხუთ მებრძოლს თურქეთში ვიზიტისას გადასცა, სადაც რუსეთის რამდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ მებრძოლებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, რომ ოჯახის წევრებს შეხვედროდნენ.
პრეზიდენტმა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადასცა აზოვის ეროვნული გვარდიის ცალკეული სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურს დენის პროკოპენკოს, მის მოადგილე სვიატოსლავ პალამარის, 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაურ სერგეი ვოლინსკის, აზოვის უფროს ოფიცერ ოლეგ ხომენკოს და მე-12 ბრიგადის მეთაურს დენის შლეგუს.
“ქვედანაყოფებმა, რომლებსაც თქვენ მეთაურობდით, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს უკრაინის მომავალ გამარჯვებაში. თქვენ და თქვენმა ქვეშევრდომებმა მოახერხეთ მტრის უზარმაზარი ძალების შეფერხება. ძალების, რომლებსაც ძალა არ ეყოთ დიდი ტერიტორიების ოკუპირებისთვის.
თქვენ მოიგეთ დრო და ეს დრო არ დაკარგულა. ახლა კი ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებსა და ხალხს”, – მიმართა ერმაკმა დენის პროპოკეპნკოს.
ორდენების გადაცემის ცერემონიალზე ვიდეოზარით ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც სიტყვით მიმართა “აზოვსტალის მცველებს”:
“თქვენ უბრალოდ გმირები არ ხართ, თქვენ ცოცხალი გმირები ხართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოვიხსნათ თქვენი ძმები, ვინც ახლა ტყვეობაში იმყოფება. ვამაყობ, რომ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მისთვის ერთად ვიბრძვით და აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – მიმართა ზელენსკიმ მებრძოლებს.