ახალი ამბები

„საცხოვრებელი სტუდენტებს“ — წულუკიანის ვიზიტი თსუ-ში პროტესტის ფონზე

3 ოქტომბერი, 2022 • 1202
„საცხოვრებელი სტუდენტებს“ — წულუკიანის ვიზიტი თსუ-ში პროტესტის ფონზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეა წულუკიანის ვიზიტისას რამდენიმე სტუდენტმა პროტესტი გამოხატა სტუდენტების საერთო საცხოვრობელთან დაკავშირებით.

3 ოქტომბერს თსუ-ს ეწვია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი. მასთან შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე. მისი სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში შესვლა სცადა ორმა სტუდენტმა, რომელთაც თან ჰქონდათ მეგაფონი და წითელი დროშა, თუმცა, სავარაუდოდ, უნივერსიტეტის ან სამინისტროს თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს.

კადრებში, რომლებიც „მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ“ გაავრცელა, ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც დარბაზში შესვლაში ხელს უშლიან, ერთ-ერთი სტუდენტი, საბა ქერქაძე მეგაფონით აწყვეტინებს შარვაშიძეს სიტყვას და წულუკიანს მიმართავს: „ქალბატონო მინისტრო“, თუმცა რამდენიმე წამის განმავლობაში არც მას აძლევენ მიმართვის საშუალებას.

საბოლოოდ,  წულუკიანს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„ჩვენ, სტუდენტებს, გვურს, დავაფიქსიროთ პოზიცია… სახელმწიფოში არსებულ ანტისოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენ, სტუდენტები, უკვე წლებია, ვაპროტესტებთ სახელმწიფოსა და უნივერსიტეტში გაბატონებულ უსამართლობას. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური კონსტიტუციური უფლება, რომ დღის წესრიგში დავაყენოთ ჩვენი მოთხოვნები. ამიტომაც ჩვენ ვითხოვთ სიტყვას ამ ღონისძიებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოგცემთ უფლებას, დადგათ მთავარ სამეცნიერო უნივერსიტეტში სპექტაკლი, თითქოსდა არანაირი პრობლემები არ აქვთ სტუდენტებს. სტუდენტები დღეს იმ ფუნდამენტური უფლებების შელახვის წინაშე არიან, რაც ეხება სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს. საცხოვრებელი სტუდენტებს, საცხოვრებელი ყველას“.

მეორე ვიდეოში, რომელსაც „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ ავრცელებს, ჩანს, რომ სტუდენტები მიჰყვებიან წულუკიანს და ეუბნებიან, რომ საუბარი სურთ, რაზეც მინისტრი ამბობს, „შეარჩიეთ სწორი მეთოდი. ნუ ღრიალებთ“,  შემდეგ კი ავტომობილში ჯდება და ტერიტორიას ტოვებს.

„მაისის სტუდენტური მოძრაობა“ წერს, რომ სახელმწიფოსგან 6 თვეა „არანაირი ქმედითი პასუხი“ არ მიუღიათ საერთო საცხოვრებლის აშენებასთან დაკავშირებით. სტუდენტების ჯგუფი დღესვე, 4 საათზე, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ აქციას აანონსებს იმავე მოთხოვნით.

2022 წლის სექტემბერში თსუ-ში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ უნივერსიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში აქტიურად მუშაობს ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის საკითხზე. ამასთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის კი სახელმწიფო უწყებებს მიმართეს.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი