ახალი ამბები

ყაზაიშვილი სავარაუდოდ მისი ცოლისძმის მიერ ნაკრებისადმი მუქარისთვის ბოდიშს იხდის

1 ოქტომბერი, 2022 • 4033
ყაზაიშვილი სავარაუდოდ მისი ცოლისძმის მიერ ნაკრებისადმი მუქარისთვის ბოდიშს იხდის

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი მიუღებელს უწოდებს და ბოდიშს იხდის მისი ცოლის ძმის, ძებნილი ნოდარ ნიშნიანიძის მიერ საქართველოს ნაკრებისადმი სავარაუდო მუქარის გამო.

„პირველ რიგში ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია. ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის ყველაზე ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი. ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის, რომ ჩემ მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომის და ფეხბურთის სიყვარულის გარდა“, — წერს ყაზაიშვილი Facebook-ზე.

მისი თქმით, მუქარის ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოისმინა.

„თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის. ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია, არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება“, — წერს ყაზაიშვილი.

„შაბათის ფორმულას“ ცნობით, საქართველოს ნაკრების წევრებმა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები მიიღო. ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, მუქარის ავტორია 32 ნოდარ ნიშნიანიძე, რომელიც ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმაა და უკვე წლებია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულია, რადგან მისივე მტკიცებით, გამოძიებამ 2015 წელს იარაღი ჩაუდო.

„ფორმულას“ მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, ნოდარ ნიშნიანიძე ეჭვობს, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ყაზაიშვილი მაკედონიასთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში მასთან ნათესაური კავშირის გამო ვერ მოხვდა. ზარის ავტორი ადრესატს, სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს ვლადიმერ დვალიშვილს ეუბნება, რომ ნათესავი ფეხბურთელის უსამართლოდ დასჯის გამო პასუხს ყველას მოსთხოვს — ევროპაში ჩასვლის შემთხვევაში ის და „სიხო“ ყველას იპოვიან და ნაკრებს „გაანახევრებენ“.

„სიხო“, რომელსაც ჩანაწერში ახსენებენ, „ფორმულას“ ცნობით, ლაშა სიხარულიძე, ამ დროისთვის ორივეს უკრაინა წითელი ცირკულარით, ქართველი ირაკლი მალანიას მკვლელობის ბრალდებით ეძებს.

„ფორმულას“ ცნობით, ფეხბურთელებსა და ფედერაციას რომ ემუქრებიან, იციან გუნდის კაპიტანმა გურამ კაშაიამ, ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ასევე, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

„ჩემთან კი არ უნდა მოდიოდეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა მიდიოდეთ და პროკურატურაში ჩვენებას აძლევდეთ“, — ასე უპასუხა კახა კალაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, რომელმაც უთხრა, რომ მუქარის შემცველი ჩანაწერი აქვს.

ვლადიმერ დვალიშვილი, რომელსაც ნიშნიანიძე სავარაუდოდ ესაუბრება და ეუბნება, ეს მუქარა სხვებსაც მოასმენინოს, ფაქტს არ ადასტურებს.

„არასწორი ინფორმაცია გაქვთ“, — უთხრა მან „ფორმულას“ სატელეფონო კომენტარში და აუდიჩანაწერის მოსმენაზე უარი განაცხადა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის გასარკვევად, დაწყებულია თუ არა გამოძიება ნაკრებისადმი სავარაუდო მუქარის შესახებ. უწყების პასუხს მისი მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი