ახალი ამბებიკომენტარისამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსები აფხაზებსა და ოსებს ომში არ გაიწვევენ” – ზაქარეიშვილი

30 სექტემბერი, 2022 • 3580
“რუსები აფხაზებსა და ოსებს ომში არ გაიწვევენ” – ზაქარეიშვილი

როგორ აისახება რუსეთში გამოცხადებული “ნაწილობრივი მობილიზაცია” იმ აფხაზებსა და ოსებზე, ვინც ასევე რუსეთის მოქალაქეობას ფლობს?[ოფიციალური ინფორმაციით, ორივე რეგიონში მოსახლეობის 80%-ზე მეტს რუსეთის მოქალაქეობა აქვს]  – ამის შესახებ ნეტგაზეთთან კონფლიქტოლოგი და შერიგების ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს.


21 სექტემბრის შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა “ნაწილობრივი მობილიზაცია” გამოაცხადა, რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზებისა და ოსების ომში გაწვევაზე სოხუმსა და ცხინვალში არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო პროგნოზი და მოსაზრება ისმის. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაცით, მობილიზაცია მათ არ შეეხება. რჩება თუ არა რისკი, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, მაინც გაიწვევს მათ?

მე არ ველოდები ამ რისკებს და საფრთხეებს, რადგან რუსეთს ახლა ეს არაფერში სჭირდება. იმ აფხაზებს, ვისაც რესეთში [მაგალითად, სოჭში, კრასნოდარში] რეგისტრაციის მიხედვით ეკუთვნის გაწვევა [იქნებიან ასეთი ადამიანებიც], ვფიქრობ, არც მათ გაიწვევენ. ამ რეგიონებში მობილიზაციის გამოცხადებით, მას არ უღირს დამატებითი პრობლემები სოხუმსა და ცხინვალში, სადაც ისედაც დაძაბული ვითარებაა ბიჭვინთის და სხვა საკითხების გარშემო.

მეორე მხრივ, ცხინვალიდან და ჩრდილოეთ ოსეთიდან ისედაც ბევრი ოსი წავიდა უკრაინაში საბრძოლველად რუსეთის მხარდაჭერის მიზნით. ოსები მეორე ადგილზე არიან დაღესტნელების შემდეგ დაღუპულების რაოდენობით, რაც ოს ხალხში უკვე დიდ მღელვარებს იწვევს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, მე არ ველოდები მასობრივ გაწვევას არც ცხინვალიდან და არც აფხაზეთიდან.

და მაინც, მობილიზაციის შემთხვევაში, რა უნდა გააკეთოს საქართველოს სახელმწიფომ იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც თანამოქალაქეებად მიიჩნევს?

ქართულმა მხარემ უნდა გააკეთოს განცხადება [თუკი აქამდე არ გაუკეთებია] და მკაფიოდ თქვას, რომ მზადაა მიიღოს ის აფხაზები და ოსები, ვისაც მობილიზაციაში მონაწილეობის საფრთხე ემუქრებათ. ამასთან, მათ ანონიმურობის და აქ ცხოვრების პირობების გარანტიები მისცეს. და ამაზე ერთხელ და ორჯერ არა, მუდმივად უნდა უნდა საუბრობდეს ქართული მხარე.

პოტენციური რისკის შემთხვევაში, რუსული სამხედრო ძალების კონტროლის პირობებში, ტექნიკურად როგორ შემოვლენ აქ აფხაზები და ოსები?

მე პირადად ვიცი, რომ გაწვევის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე ახალგაზრდა უკვე გადმოვიდა ქართულ მხარეს ახლობლებთან და ნათესავებთან. ტექნიკურად ამის პრობლემა არ არსებობს. აფხაზებმა კარგად იციან, როგორ “გადმოვიდნენ”. გარდა ამისა, რუსები ლარსიდან უპრობლემოდ უშვებენ ამ ხალხს, მთავარია, ქართულმა სპეცსამსახურებმა არ უნდა შეაფერხონ ისინი.

უკრაინის ომის, განსაკუთრებით კი, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ქართულ საზოგადოების მხრიდან აფხაზების მიმართ ნიშნისმოგებით საუბარი გახშირდა – “თქვენი დრო დათვლილია!”, “გეშინოდეთ, მალე მოვალთ თქვენამდე” და ა.შ. როგორ ფიქრობთ, მსგავსი ღია მუქარები რამდენად უშლის ხელს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ?

ის კამპანია, რომელიც “ევროპულმა საქართველომ” წამოიწყო “ბუჩამდე იყო გაგრა” და ა.შ. სწორედ ამის ნაწილია. ნაცვლად იმისა, რომ დიალოგის ახალი ეტაპზე, წარსულის, აწმყოს და მომავალზე იყოს მსჯელობა, მხოლოდ წარსულზე და მხოლოდ რუსების პასუხისმგებლობაზეა კონცენტრირებული მათი ყურადღება, და არა ასევე აფხაზებისა და ქართველების, რაც არასწორია.

ქართული საზოგადოება ტრავმირებული საზოგადოებაა, შესაბამისად, ახსნადია ჩემთვის იმ ხალხის აზრი, ვინც ამბობს, რომ შურისძიების დრო მოვიდა. სინამდვილეში, პრობლემა ის ხალხია, ვინც სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ დუმს. რეალურად, ჩვენთან ძალიან ვიწრო წრე საუბრობს ხმამაღლა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე და, შესაბამისად, ტრავმირებული ხალხის ხმის საპირწონედ არ ისმის არაფერი. მე შემიძლია ვუთხრა აფხაზებს და ვეუბნები კიდეც, რომ შურისმაძიებლური განწყობები სინამდვილეში არ არის ძლიერი და ისინი არ წარმოადგენენ მთელ საქართველოს, მაგრამ შემდეგ ისმის მათი მხრიდან კითხვა, მაშ, ვინ არიან ისინი, ვინც მშვიდობას ემხრობა და რატომ არ ისმის მათი ხმა? ვფიქრობ, პრობლება უფრო იმ ხალხშია, ვინც ეწინააღმდეგება აგრესიას, და ამავე დროს, არ არის პროაქტიური.

მასალების გადაბეჭდვის წესი