ახალი ამბებიეკონომიკა

რას მოიცავს EU-ს სანქციების მე-8 პაკეტი რუსეთისთვის

29 სექტემბერი, 2022 •
რას მოიცავს EU-ს სანქციების მე-8 პაკეტი რუსეთისთვის

ევროკავშირმა, უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმების“ ფონზე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მორიგი, მე-8 პაკეტი წარადგინა.

ცვლილებების ახალი პაკეტი მოიცავს ეკონომიკურ და ინდივიდუალურ სანქციებს და აწესებს სამართლებრივ საფუძვლებს გარკვეული ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის ფასზე ზედა ჭერის შემოსაღებად.

ჟოზეფ ბორელის განცხადებით, სანქცირებულთა სიაში უკვე არის 1300-ზე მეტი პირი – ფიზიკური თუ იურიდიული. სანქციების ახალი პაკეტის პირველი ნაწილი ეხება სწორედ ცალკეულ პირებსა და კომპანიებს.

ინდივიდუალური სანქციები

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სანქცირდებიან:

  • პირები, რომლებიც ჩართულნი არიან უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და უკანონო ანექსიაში, – დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მყოფი „ვითომ თანამდებობის პირები“, რომლებმაც მოაწყვეს და ჩაატარეს „რეფერენდუმი“;
  • რუსეთის თავდაცვის სექტორის მაღალჩინოსნები, ასევე პირები, რომლებიც აწვდიან იარაღს რუსულ არმიას და მონაწილეობას იღებენ ჯარისკაცების რეკრუტირებაში;
  • პირები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ;
  • პირები, – არამხოლოდ რუსები, – რომლებიც მონაწილეობენ სანქციების თავიდან არიდების სქემაში; „ვამზადებთ სიებს, რათა მიზანში ამოვიღოთ ეს ადამიანები“, – განაცხადა ბორელმა.

Politico-ს ინფორმაციით, სანქციების სიას ემატება კრემლის იდეოლოგად ცნობილი ალექსანდრ დუგინი.

ეკონომიკური სანქციები

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახალი პაკეტის მეორე ნაწილი ფოკუსირებულია ვაჭრობაზე (ანუ მოიცავს ეკონომიკურ სანქციებს) და 7 მლრდ აშშ დოლარით აზარალებს რუსეთის ეკონომიკას:

  • იკრძალება რუსული საქონლის იმპორტი;
  • იზრდება რუსეთში ექსპორტირებული სანქცირებული საქონლის ჩამონათვალი;
    • ამ ნაბიჯის მიზანია კრემლს ჩამოერთვას სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობა და დაასუსტოს არმია;
  • ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს აეკრძალებათ რუსული სახელმწიფო კომპანიების სამეთვალყურეო და მმართველ საბჭოებში მუშაობა.

ჭერი ნავთობის ფასზე

ურსულა ფონ დერ ლაიენის თანახმადვე, ევროკავშირი შეთანხმებულია 5 დეკემბრიდან რუსული ნედლი ნავთობის აკრძალვაზე, „თუმცა ასევე ვიცით, რომ ზოგიერთ განვითარებად ქვეყანას სჭირდება რუსული ნავთობის მარაგი, მაგრამ დაბალ ფასში“:

„ამრიგად, დიდი შვიდეული შეთანხმდა მესამე ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის შემოღებაზე. ნავთობის ფასის ეს ზედა ჭერი, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს რუსეთის შემოსავლების შემცირებას და, მეორე მხრივ, სტაბილურობას შეინარჩუნებს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე“, – განაცხადა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყობილი მოჩვენებითი რეფერენდმები არის მიწის დატაცებისა და საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლის უკანონო მცდელობა“.

ჟოზეფ ბორელის განცხადებით, „არალეგალური „რეფენდუმის“ ორგანიზებით კრემლი აგრძელებს იმავე სახელმძღვანელოთი მოქმედებას, რაც უკვე ვნახეთ საქართველოში 2008 წელს და ყირიმში 2014 წელს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი