ახალი ამბები

მოვუწოდებთ ბელარუსს, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას — საგარეო

28 სექტემბერი, 2022 • 1093
მოვუწოდებთ ბელარუსს, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას — საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლისა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთში. მანამდე, საგარეო უწყებამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ბელარუსის ელჩის დაბარების თაობაზე.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს” ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს. ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ბელარუსის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

მასალების გადაბეჭდვის წესი