ახალი ამბები

რაც უკრაინაში ხდება, საქართველოს თავდაცვის ფრონტის ხაზია – სენატორი კარდინი

28 სექტემბერი, 2022 • 481
რაც უკრაინაში ხდება, საქართველოს თავდაცვის ფრონტის ხაზია – სენატორი კარდინი

„ამერიკის ხმა“ ინტერვიუს აქვეყნებს ამერიკელ სენატორ ბენ კარდინთან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან. იგი ამბობს, რომ საქართველოს თავდაცვის ფრონტის ხაზი ახლა უკრაინაში გადის. ის ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩს საქართველოში ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს და შტატები არ აპირებს, დადუმდეს იმ ღირებულებებზე, რაც დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა მარიამ უგრეხელიძემ ჩაწერა:

საკმაოდ ხშირად გვესმის, რომ უკრაინის ბრძოლამ რუსეთის წინააღმდეგ უკვე შეცვალა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. თუმცა ომის დასასრული ჯერ არ ჩანს. რა მნიშვნელობა ექნება უკრაინის გამარჯვებას რეგიონისთვის და ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც მსგავსი აგრესიის მსხვერპლი იყო 2008 წელს?

ბატონ პუტინს ნამდვილად ვუფასებთ იმას, რომ ნატოს პარტნიორებს შორის ერთიანობა მოიტანა. მათ შორის ეს მოხდა ბევრი ქვეყნის შემთხვევაში ევროპაშიც.

საქართველო დაზარალდა რუსეთის შეჭრით და რუსული ჯარები საქართველოში დღემდე დგანან. მათ [ქართველებმა] იციან, რას ნიშნავს, როდესაც ზესახელმწიფოს სამხედრო ძალა მოდის შენს ქვეყანაში და ძალით იტაცებს ქვეყნის ნაწილებს. ასე რომ, ისინი იაზრებენ იმას, რომ ის, რაც უკრაინაში მოხდა ამ ბოლო შეჭრამდე, მოხდა მათ ქვეყანასა და მოლდოვაშიც.

ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის ფრონტის ხაზი საქართველოს თავდაცვისთვის, რადგან თუ რუსეთი შეძლებს, რომ წინ წავიდეს ამ სამხედრო კამპანიაში, მაშინ საქართველო და მოლდოვა ნამდვილად იქნებიან რუსეთის შემდეგი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი.

თქვენ 2008 წლის ომი ახსენეთ. ურსულა ფონ დერ ლეიენმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის საქართველო, აფრთხილებდნენ დასავლელ პარტნორებს, რომ რუსეთი არ შეჩერდებოდა. მან 2008 წელს საქართველოთი დაიწყო და შემდეგ უკრაინით განაგრძო 2014-ში. თუმცა დასავლეთისგან ერთიანი პასუხი ვერ ვიხილეთ 2022 წლის თებერვლამდე. ფიქრობთ, რომ ამერიკას, ნატოს, ევროკავშირს არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე, რისი გაკეთება შეეძლო ვლადიმირ პუტინს და როგორ შეიცვალა ეს წარმოდგენები მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში ომი დაიწყო?

ვფიქრობ, ჩვენ მივხვდით ბატონი პუტინის მიზანს. ის ძალიან ნათლად გამოხატავდა, რომ უფრო დიდი რუსეთი სურს, რომ წუხს საბჭოთა კავშირის დაშლის გამო. ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რომ ის ჩაერია საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის საქმეებში. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომზადებული ვიყავით, მაგრამ ასევე ვაღიარებთ, რომ რუსეთის გადაწყვეტილებამ, შეჭრილიყო ქვეყანაში და ეცადა დაეპყრო მთელი უკრაინა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

ის [უკრაინა] არაა ნატოს წევრი ქვეყანა, ამიტომ ჩვენ არ ჩავრთავთ ამერიკულ ან ნატოს ჯარებს ამ კონფლიქტში, მაგრამ ჩვენ უკრაინის გვერდით დავდექით და ეს ძალიან ნათლად გამოვხატეთ. პირველ რიგში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ მათ დაზვერვის ინფორმაცია გავუზიარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკრაინელებისთვის, რათა გაეგოთ, რას გეგმავდა რუსეთი. ჩვენ ასევე ორგანიზება გავუწიეთ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მიგვეწოდებინა სამხედრო დახმარება და უკრაინას შეძლებოდა თავდაცვა. მათ მართლაც გამოიყენეს ეს სამხედრო დახმარება თავდაცვისთვის.
გარდა ამისა, ჩვენ ჰუმანიტარული დახმარება გავუწიეთ მათ, ვისაც იძულებით გადაადგილება მოუწია რუსეთის თავდასხმის შედეგად. ჩვენ დავეხმარეთ უკრაინას, რომ ომის დანაშაულებები აღრიცხულიყო, რათა შემდეგ პასუხისმგებლობაში მიეცენ დამნაშავეები. ასე რომ, ჩვენ ვიმოქმედეთ.

ვიცოდით, რომ არაფერი იყო შეუძლებელი რუსეთისა და ბატონი პუტინისთვის. ვიცით, რომ ასიმეტრიული არსენალი აქვს დეზინფორმაციის, ოპოზიციის დაფინანსების და კორუფციის, ისევე როგორც ძალის გამოყენების. ეს ყველაფერი მის არსენალშია იმისთვის, რომ ეცადოს გაანადგუროს დემოკრატიული სახელმწიფოები.

ვფიქრობ, ბატონი პუტინი გაოგნებული იყო არა მარტო ერთიანი მხარდაჭერით, რაც მისი ქმედების შედეგად მოხდა, არამედ უკრაინაში ძალაუფლების შენარჩუნებითაც. თქვენ იცით, რომ უკვე თვეებია, რაც ეს სამხედრო კამპანია მიმდინარეობს, ჯერ დასარულს ვერ ვხედავთ ამ კონკრეტულ მომენტში. მაგრამ დასასრული არ ექნება არც ჩვენს დამხარებას უკრაინისადმი.

საქართველო და უკრაინა ერთად რამდენჯერმე ახსენეთ. უკრაინამ და მოლდოვამ, საქართველოსგან განხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღეს. ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ამერიკის ჰელსინკის კომისიამ, თქვენი თავმჯდომარეობით, გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოც უნდა ყოფილიყო იმ ქვეყნების სიაში, ვინც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა. ეს მათ “ევროპული ოცნებისთვის ბრძოლის შანსს მისცემს”, – ნათქვამი იყო თქვენს რეკომენდაციაში. როგორ ფიქრობთ, წაერთვა საქართველოს ეს შანსი თუ კიდევ შეუძლია, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს?

რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის გადაწყვეტილებაში არ ერევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციას, როგორიც საქართველოა. ვაღიარებთ, რომ ეს მათი და ევროპის საუკეთესო ინტერესებშია.

ვიცით, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეა სამხედრო უსაფრთხოების მიმართულებით. ისინი თავიანთი მონაწილეობით გვეხმარებოდნენ კამპანიებში, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში. ვაღიარებთ მათ დამხარებას ჩვენს დასავლურ უსაფრთხოებაში.

საქართველოს ვხედავთ ევროპის ინტეგრაციის გზაზე და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს ნატოს წევრადაც ვიხილავ. თუმცა საჭიროა, რომ ქვეყანაში რეფორმები გატარდეს და სხვა პრობლემები მოგვარდეს. არსებობს გარკვეული ინსტიტუციური ასპექტები მთავრობის განშტოებებში, იქნება ეს სასამართლოს სისტემა, ადამიანის უფლებების, ჟურნალისტების უფლებების დაცვა თუ მსგავსი საკითხები, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მოთხოვნებია.

ვფიქრობ, რომ ისინი ადგანან ევროკავშირის გზას, თუმცა ეს შიდა საკითხია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნდა გადაწყდეს. რა თქმა უნდა, ნამდვილად გვაქვს იმედი, რომ ისინი ამ მიმართულებით სვლას განაგრძობენ.

მოთხოვნები ახსენეთ, ევროკავშირმა 12 ასეთი მოთხოვნა წარუდგინა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისაღებად. თქვენ ახლოდან აკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როგორ ფიქრობთ, დგამს საქართველოს ხელისუფლება შემხვედრ ნაბიჯებს ამ მიმართულებით?

წლების განმავლობაში პროგრესი ვნახეთ, თუმცა ასევე იყო იმედგაცრუებებიც. ეს არაა გასაკვირი. იყო გარკვეული პროგრესი და იყო შეკითხვებიც. საქართველოში ჩატარებულ ზოგიერთ არჩევნებზე ოპოზიციის ლიდერებს განსხვავებულად ეპყრობოდნენ და ამაზე საერთაშორისო საზოგადოებამ შეშფოთება გამოთქვა.

საქართველოში კორუფციაა. კორუფცია ყველა ქვეყანაშია, თუმცა ქვეყნებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან კორუფციასთან საბრძოლველად მაღალ ეშელონებში. ასე რომ, დიახ, გარკვეული პროგრესი ვიხილეთ, თუმცა მეტი პროგრესის ხილვა გვსურს.

ანტიდასავლური კამპანია საქართველოში ძალიან გაძლიერდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. პირველად თავდასხმის ობიექტი ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი იყო, შემდეგ, ევროპარლამენტის წევრები და ქვეყნის სხვა დასავლელი პარტნორები. როგორ უყურებენ ამას ვაშინგტონში და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე?

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ჩვენს საელჩოს და ჩვენს ელჩს საქართველოში. არც ისე მგრძნობიარენი ვართ კრიტიკის მიმართ, რომელიც ამერიკელების თუ ჩვენი წარმომადგენლების მისამართით ისმის. თუმცა ვფიქრობ, რომ ქვეყანა, რომელიც ევროპაში გაწევრიანებას ცდილობს, ისეთ საკითხებს თავს გაართმევს, რომლებიც ჩვენ გვაშფოთებს.

ასე რომ, ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა ვისაუბრებთ ადამიანის უფლებების დაცვაზე და იმ ღირებულებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება კონსტრუქციული და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შორის საუბარიც კონსტრუქციულად წავა.

მმართველი, “ქართული ოცნების” პარტიის წევრების და მთავრობის ნაწილი, ისევე როგორც ამავე პარტიის 4 ყოფილი წევრი, აგრძელებენ იმ ნარატივის გავრცელებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპარლამენტის წევრები როგორღაც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას. რას იტყოდით ამაზე? ვინ ისარგებლებს რეგიონში არასტაბილური გარემოს შექმნით?

საქართველო ძალიან რთულ გეოგრაფიულ ადგილას მდებარეობს. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია, რომ იმის წინააღმდეგ დადგეს, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს. რადგან თუ უკრაინა დაეცემა, საქართველო ნამდვილადა იქნება  პუტინის თვალთახედვის არეალში. ასე რომ, ვფიქრობთ, საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, ყველა სუვერენული ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია, რომ ჩვენთან [ამერიკასთან] ერთად იმუშაოს ნებისმიერი ისეთი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, რომ ძალა გამოიყენოს და გაანადგუროს სუვერენული ქვეყანა. ამ შემთხვევაში ეს რუსეთია. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს რაიმე განხილვის საგანია. ეს სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებაა და საქართველოს უნდა უნდოდეს სწორ მხარეს დგომა.

მასალების გადაბეჭდვის წესი