ახალი ამბები

მიუღებელია, რომ NGO-ების კლანმა ომბუდსმენობის კანდიდატები დახურულ რეჟიმში დაასახელა – კობახიძე

27 სექტემბერი, 2022 • 683
მიუღებელია, რომ NGO-ების კლანმა ომბუდსმენობის კანდიდატები დახურულ რეჟიმში დაასახელა – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „მდიდარმა NGO-ებმა“ სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატები დახურულ რეჟიმში შეარჩიეს.

კობახიძის თქმით, ეს მმართველი პარტიისთვის მიუღებელია.

„ამ გადაწყვეტილებით მდიდარმა NGO-ებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ. წარმოიდგინეთ, ჩვენ საზოგადოებას უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა შევთავაზეთ. ნებისმიერ ადამიანს მივეცით საკუთარი კანდიდატურის დასახელების საშუალება. ამ დროს მთლიანად დახურულ რეჟიმში რამდენიმე NGO-ს კლანი თავის კანდიდატებს ასახელებს. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ზოგადად მოვლენების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ კანდიდატებს უპირატესობა არ ექნებათ და მოუწევთ, პოლიტიკური ჯფუფებისა და ფრაქციების მხარდაჭერა მოიპოვონ.

„მათ ზუსტად ისეთივე სამართლიანი კონკურსი უნდა გაიარონ, როგორიც გამოცხადებულია ნებისმიერი პირისთვის. აქ ვერავისთვის ვერ იქნება უპირატესობა მინიჭებული და ვერც ვერავის დავჩაგრავთ.

გამოცხადებილია კონკურსი, კეთილი ინებონ, განაცხადები შემოიტანონ, მიიღონ შეფასებები არასამთავრობო სექტორიდან და შემდეგ მიაღწიონ იმას, რომ დაასახელონ პოლიტიკურმა ჯგუფებმა ან ფრაქციებმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. თავის დროზე, 2017 წელს ნინო ლომჯარია პარლამენტმა მსგავსი პროცედურის გავლით აირჩია. კერძოდ, ლომჯარია  არასამთავრობო ორგანიზაციების დასახელებული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც პარლამენტს ასარჩევად „ქართულმა ოცნებამ“ წარუდგინა.


არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის პოსტზე სამი კანდიდატი დაასახელეს. ესენი არიან:

  • გიორგი ბურჯანაძე – სახალხო დამცველის მოადგილე
  • ანა აბაშიძე – ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი
  • ნაზი ჯანეზაშვილი – ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველის პოსტის დაკავება სურთ: „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერ იაგო ხვიჩიას, ადვოკატებს – ალექსანდრე კობაიძესა და მარიკა არევაძეს.

პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი წარადგინა. თუმცა, მოქმედი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას მიმართ კრიტიკულად განწყობილმა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ახალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატს არ დაასახელებს.

რატომ ცვლის „ოცნება“ ომბუდსმენის არჩევის წესს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი