ახალი ამბები

რუსეთი ამბობს, რომ ლარსზე სამხედრო-სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს

27 სექტემბერი, 2022 • 1355
რუსეთი ამბობს, რომ ლარსზე სამხედრო-სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, რუსეთი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ ოსეთი შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება მიიღეს ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ასევე, სახელმწიფო საგზაო ინსპექციისა და ამავე რესპუბლიკის FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელების შეხვედრაზე.

ერთი დღით ადრე ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მიმართულებით მიმავალი ავტომობილების ნაკადი მკვეთრად გაიზარდა. ამ საკითხზე 27 სექტემბრის განცხადებაშიც არის საუბარი.

„შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მიმართულებით მოძრავი მსუბუქი მანქანების ნაკადი სერიოზულად იზრდება.

მიუხედავად მიღებული ზომებისა, მათ შორის, საგზაო პოლიციისა და უშიშროების ძალების სადღეღამისო მორიგეობის გაზრდისა, ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია, რაც მოითხოვს დამატებითი ზომების მიღებას მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით”, — წერია განცხადებაში.

გარდა ზემოხსენებული პუნქტის გახსნისა, ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ს მიხედვით, მოქალაქეებს ნებას დართავენ, ფეხით გადაკვეთონ საზღვარი. ამ დრომდე რუსეთის მხრიდან საქართველოში შემოსვლა მხოლოდ საავტომობილო ტრანსპორტით იყო დაშვებული.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს. მათი ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი საქართველოა, რადგან აქ შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ და ქვეყანაში გაჩერება ლეგალურად ერთი წლის ვადით შეუძლიათ.

რუსეთიდან საქართველოსკენ ათიათასობით ადამიანი 21 სექტემბრიდან დაიძრა, მას შემდეგ, რაც პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

ჯერ კიდევ 26 სექტემბერს სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ფოტოები, რომლებზეც რუსული ჯავშანტრანსპორტი ჩანს.

რუსეთი უარყოფდა, რომ ბლოკპოსტის მოწყობას გეგმავდა, თუმცა სააგენტო RBK-სთან კომენტარში „ეფ-ეს-ბე“ [რუსეთის უსაფრთხოების სამსახური] ადასტურებდა, რომ სამხედროები რუსეთის მოქალაქეების შესაკავებლად მიავლინეს საზღვართან.

რას ჰყვებიან რუსეთიდან გამოქცეული კაცები — რეპორტაჟი საზღვრიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი