ახალი ამბები

BM.GE-ის რედაქტორი მთავრობის სხდომაზე უკვე მეორედ არ დაუშვეს

26 სექტემბერი, 2022 • 426
BM.GE-ის რედაქტორი მთავრობის სხდომაზე უკვე მეორედ არ დაუშვეს

BM.GE-ის მთავარი რედაქტორი, თელარა გელანტია ამბობს, რომ დღეს, 26 სექტემბერს, კვლავ არ დაუშვეს დანიშნულ მთავრობის სხდომაზე. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გელანტიას უარს ეუბნებიან მთავრობის სხდომის გაშუქებაზე.

როგორც მან “ნეტგაზეთთან” განაცხადა, სხდომის დაწყებამდე დაახლოებით 1.5 საათით ადრე მისწერა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს, რომლის წარმომადგენელმაც ,ნინო ცხადაძემ მალევე დაურეკა BMG-ს დირექტორ თამუნა ქემეტრელიძეს და უთხრა, რომ “სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი გამოეშვა”, რადგან თელარა გელანტიას “დღესაც არ დაუშვებდნენ”.

“თელარა არა, სხვა ნებისმიერი გამოუშვით BM.GE-დანო. როდესაც თამუნამ [ქემერტელიძემ] ჰკითხა მიზეზი, მან [ნინო ცხადაძემ] თქვა – ისეთი ამბავი მოჰყვა იმ ამბავს, რომ არ ველოდითო. არ ვიცი, რა იგულისხმეს, ის რეზონანსი, რომელიც ამ ფაქტის გამო იყო იმ დღეებში თუ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მიგვემართა სახალხო დამცველისთვის, რომ დაედგინა დისკრიმინაცია. სხვა კომუნიკაცია არ გვქონია.

ჩვენ 12 სექტემბერს ოფიციალურადაც გვქონდა მიწერილი მთავრობის ადმინისტრაციისთვის, რომ კონკრეტულად აეხსნათ მიზეზი, რატომ არ დამიშვეს სხდომაზე, გარდა იმ სიტყვიერი განცხადებებისა, თითქოს ბევრ კითხვას ვსვამ და ვაწუხებ სხვებს და ა.შ… ეს წერილი თურმე მთავრობის ადმინისტრაციამ არ ჩაიბარა საერთოდ (ჩვენ ფოსტით გავუგზავნეთ)”, – განმარტა გელანტიამ.

მისი თქმით, დღეს კვლავ ეცდება აღნიშნული წერილის მთავრობის კანცელარიისთვის გადაცემას. “მაინტერესებს ჩაიბარებენ თუ არა”, – ამბობს ის.

გელანტია ამბობს, რომ BMG-მ მიიღო გადაწყვეტილება, დღევანდელ მთავრობის სხდომას მათი არცერთი ჟურნალისტი არ დასწრებოდა, რადგან მიიჩნევენ, რომ “პრემიერის პრესსამსახურის გადასაწყვეტი არ არის, რომელი ჟურნალისტი გააშუქებს მთავრობის სხდომას BMG-დან”. გელანტიას თქმით, სხდომაზე მისი არდაშვება სარედაქციო პოლიტიკაში ერთგვარი ჩარევაა.

თელარა გელანტიას 12 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. BMG მაშინ აცხადებდა, რომ 12 სექტემბერსვე, დღის მეორე ნახევარში, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომელმა BMGTV-ის დირექტორ თამუნა ქემერტელიძეს განუცხადა, რომ ჟურნალისტ თელარა გელანტიას მთავრობის მომდევნო სხდომის გაშუქების უფლება მიეცემოდა.

აღნიშნულის შემდეგ თელარა გელანტიამ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დახმარებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლო ფაქტის შესასწავლად სახალხო დამცველს მიმართა.

ნეტგაზეთმა დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელ ნინო ცხადაძესთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა ცხადაძე ჩვენს ზარსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებას არ პასუხობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი